მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმერეთში დიდთოვლობის გამო 42 სოფლამდე მისასვლელი გზა ჩაკეტილია - სახელმწიფო რწმუნებული

იმერეთი

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, ამ დროისთვის იმერეთში, დიდთოვლობის გამო 42 სოფლამდე მისასვლელი გზა ჩაკეტილია. ლევან ზალკალიანი აცხადებს, რომ მაქსიმუმს აკეთებენ, რათა გარე სამყაროს მოწყვეტილი სოფლების რაოდენობა შემცირდეს.

„თოვლის სახით ნალექი იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში ფიქსირდება. ამ ეტაპზე გზების წმენდა 109 ერთეული ტექნიკით მიმდინარეობს, იწმინდება საფეხმავლო ბილიკები. მუნიციპალიტეტი სკოლების დიდ ნაწილში სწავლა შეჩერებულია.

დიდთოვლობის გამო ჩაკეტილია 42 სოფლის გზა. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ რომ ეს რიცხვი შემცირდეს. ელექტროენერგია არ მიეწოდება 29 000 აბონენტს“, - აცხადებს ლევან ზალკალიანი.

მეექვსე დღეა დასავლეთ საქართველოში სტიქიას ებრძვიან. გურიაში დიდთოვლობის გამო ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლების ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი. როგორც ადგილობრივები BMG-სთან საუბარში აცხადებენ, მოსახლეობა საკვები პროდუქტების გარეშეა დარჩენილი, მაღაზიები სოფლებში ან საერთოდ არ არის, ან დიდთოვლობის გამო დაკეტილია.

გურიის ნაწილის სოფლებში თოვლის საფარმა ორ მეტრს გადააჭარბა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი „რუსთავი 2“-თან ამბობს, რომ ასეთ სოფლებში მოსახლეობასთან მისვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

რაც შეეხება აჭარის მხარეს, უხვი ნალექის გამო, ბათუმის ნაწილს გაზი და დენი არ მიეწოდება. შეჩერებულია მუნიციპალური ტრანსპორტიც.

ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ბათუმში, მთელი ღამის განმავლობაში ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. შესაბამისად, ყველა კომუნიკაციის აღდგენა ეტაპობრივად მოხდება. ამასთან, აღდგება სატრანსპორტო მიმოსვლა და საგანმანათლებლო პროცესი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები