იმერული მარანი "დიმნა" ღვინის ბოთლში ჩამოსხმას და მის ევროპაში ექსპორტს გეგმავს. ამჟამად ღვინოს ბოთლში მხოლოდ ფესტივალებსა და გამოფენებში წარსადგენად ასხავენ, რადგან მცირე რაოდენობით ამზადებენ და ჩამოსასხმელი სახით კაფე-რესტორნებში ყიდიან.
როგორც მარნის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, 21 წლის ლუკა ჩიქვინიძემ Bm.ge-ს განუცხადა, იშვიათ იმერულ ღვინოებს მარანში მამასთან ერთად ამზადებს. ტექნიკური უნივერისტეტის სტუდენტმა, რომელიც ამჟამად ხიდებისა და გვირაბების მშენებლობას სწავლობს, გადაწყვიტა რომ მომავალში, ღვინის წარმოება მისი მთავარი საქმე იქნება.
"ვენახი გვქონდა, ღვინო გვქონდა და გადავწყვიტეთ ამ საქმისთვის სერიოზულად მოგვეკიდებინა ხელი და უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტი დაგვემზადებინა, რადგან ამ დარგს განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს. ჩვენი მარანი იმერეთში, სოფელ დიმში მდებარეობს, სადაც დიდი ხნის წინ, ძველი ციხესიმაგრე იყო სახელწოდებით "დიმნა" და მარნის სახელიც სწორედ მას დავუკავშირეთ.
ამჟამად ვაწარმოებთ ცოლიკოურს, ძელშავს, ალექსანდროულს, კრახუნას. ჯერ-ჯერობით ღვინოს ოჯახის კუთვნილ ვენახში მოწეული ყურძნით ვამზადებთ, რომელიც ერთი ჰექტარიც არაა, სამომავლოდ ვფიქრობთ ვენახების გაფართოებას და წარმოების გაზრდას. ვაპირებთ პროდუქცია ექსპორტზე გავიტანოთ, რადგან ნატურალურ ღვინოზე მოთხოვნა მაღალია.
ვფიქრობ, მთავარი ამ საქმეში არის ის, რომ სწორად მივყვეთ, არ დაგვეზაროს... ყველაფერი იწყება ვენახიდან, აუცილებელია, მისი სწორად მოვლა, საჭირო პრეპარატებით მიხმარება და რა თქმა უნდა, ღვინის სწორად დამზადება, რადგან პატარა შეცდომაც რომ გაგეპაროს, ღვინის დაავადება იწყება და მერე უკვე რთულია გამოსწორება. ასე რომ, ძალიან საფრთხილო საქმეა და მუდმივი შემოწმება და ყურადღება სჭირდება", - განაცხადა ლუკა ჩიქვინიძემ.
მარანი "დიმნას" მიერ წარმოებული ჩამოსასხმელი ღვინის ფასი, ლიტრის, 5-დან 7 ლარამდეა. მარანი წელიწადში 6-დან 8 ტონამდე ღვინოს აწარმოებს.

























