აჯამეთის აღკვეთილში იმერული მუხის აღდგენის პროექტი მიმდინარეობს, რომელიც ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანას" მიერ, კომპანია BP Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობის - იმერული მუხის დაცვასა და შენარჩუნებას ისახავს მიზნად - პროექტის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
"პროექტი ორი ფაზისგან შედგება: პირველ ფაზაში 1,4 ჰექტარზე დაირგო 5 000-მდე იმერული მუხის ნერგი, შემოიღობა ტერიტორია, მოეწყო წვეთოვანი სარწყავი სისტემა და დამონტაჟდა 20 ტონიანი წყლის რეზერვუარი, ხოლო მეორე ფაზაში დაირგო 6 334 იმერული და ქართული მუხის ნერგი და დამონტაჟდა 200 ტონიანი სარწყავი წყლის რეზერვუარი.
ჯამურად, პროექტის ფარგლებში, აჯამეთის აღკვეთილში, 7,4 ჰა ტერიტორიაზე დაირგვება 25 000 ძირი იმერული და ქართული მუხის ნერგი და მოეწყობა მცირე ზომის სანერგე. პროექტის ღირებულება 1 675 588 ლარს შეადგენს და ის 3 წლის განმავლობაში განხორციელდება", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და "ბი პი საქართველოს" შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმებული, რომელიც დაცული ტერიტორიების სისტემის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას და დაცული ტერიტორიების თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება. თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის აღდგენის შესაძლებლობის კვლევა მიმდინარეობს.