საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ლარის ამჟამინდელ გაცვლით კურსთან დაკავშირებით პოზიტიურად არის განწყობილი და მიიჩნევს, რომ კურსის რყევები ერთი მხრივ საგარეო ფაქტორებით, ხოლო მეორე მხრივ ტურიზმის თვალსაზრისით შედარებით პასიური სეზონით შეიძლება აიხსნას. ვერა-მარტინი bm.ge -სთან მცურავი გაცვლითი კურსის ეფექტიანობაზეც საუბრობს.
„ჩვენ ვფიქრობთ რომ საქართველოში გაცვლითი კურსის მოქნილი რეჟიმი საგარეო შოკების ფონზე ძალიან კარგად მუშაობს. უკვე ვნახეთ რომ საქართველოში არსებული სავალუტო რყევები ბაზრის მოთხოვნა მიწოდებასთან არის დაკავშირებული და მოქნილი რეჟიმის თანმდევი და ორგანული ნაწილია. „საერთაშორისო სავალუტო ფონდი“ გააგრძელებს ამ რეჟიმის მხარდაჭერას“ - აცხადებს მერსედეს ვერა-მარტინი.
რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, IMF 2018 წლის ბოლოსთვის 5-5.5 პროცენტიან ზრდას პროგნოზირებს. მერსედეს ვერა-მარტინმა აღნიშნა, რომ არსებობს ეკონომიკური ზრდის რამდენიმე ინდიკატორი, რამაც შესაძლოა წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე იქონიოს გავლენა. ერთერთი ასეთი ინდიკატორი ფონდის მისიის ხელმძღვანელის განმარტებით სამშენებლო სექტორია.
„სამშენებლო სექტორში წელს გარკვეული შეფერხებები დაფიქსირდა და განვითარების ტემპიც არ იყო მაღალი. „საერთაშორისო სავალუტო ფონდი“ აკვირდება სხვა ფაქტორებსაც და შესაძლოა ზოგ მათგანში ზრდის ტემპის შენელება დროებითი იყოს , ამიტომ მან გავლენა არ იქონიოს ეკონომიკური ზრდის ზოგად სურათზე.“
რაც შეეხება გაცვლითი კურსის პროგნოზებს მოკლევადიან პერიოდში , მერსედეს ვერა-მარტინის თქმით „საერთაშორისო სავალუტო ფონდი“ არ გააკეთებს ამასთან დაკავშირებით კომენტარს და შესაბამისად არ შექმნის მოლოდინებს საზოგადოებაში, თუმცა ლარის მიმდინარე გაუფასურებასთან დაკავშირებით ფონდის მისიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ის ფუნდამენტური ფაქტორებით არ არის გამოწვეული.