საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, „მიუხედევად პოზიტიური პერსპექტივისა, ქვეყნის ხელისუფლება უნდა მზად იყოს გაუმკლავდეს საგარეო ვითარების შესაძლო უარყოფითი შედეგების გავლენას ქვეყნის ეკონომიკაზე“.
ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მეოთხე მიმოხილვასთან დაკავშირებით სსფ-ის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ რელიზშია აღნიშნული.
“საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავაც კარგია: ეკონომიკის ზრდის ტემპი მდგრადია, ინფლაცია კონტროლს ექვემდებარება, ხოლო საგარეო ფაქტორების მიმართ ქვეყნის მოწყვლადობა შემცირებულია. მიუხედევად ამ პოზიტიური პერსპექტივისა, ქვეყნის ხელისუფლება უნდა მზად იყოს გაუმკლავდეს საგარეო ვითარების შესაძლო უარყოფითი შედეგების გავლენას ქვეყნის ეკონომიკაზე. ამისთვის ქვეყანამ უნდა გააგრძელოს სტრუქტურული რეფორმების განხორციელება მაღალი და მეტად ინკლუზიური ზრდის ხელშესაწყობად“, - აცხადებს სსფ-ის მმართველი დირექტორის პირველი მოადგილე და აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დევიდ ლიპტონი.
ცნობისთვის: ამა წლის 19 ივნისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მეოთხე მიმოხილვა დაასრულა.
აღნიშნულ პროგრამას საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს სამწლიანი „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ (Extended Fund Facility (EFF)).
ამ მიმოხილვის დასრულებისთანავე საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება 30 მილიონი ეს-დე-ერი (დაახლოებით 41.4 მილიონი აშშ დოლარი), შედეგად პროგრამის ფარგლებში მთლიანი ჩამორიცხვები 150 მილიონ ეს-დე-ერს (დაახლოებით 207.2 მილიონ აშშ დოლარს) გაუთანაბრდება.
საქართველოს პროგრამა, რომლის მთლიანი მოცულობა 210 მილიონ ეს-დე-ერს (საქართველოს ქვოტის 100 პროცენტს) შეადგენს სსფ-ს აღამსრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებული იქნა 2017 წლის 12 აპრილს. (პროგრამის დაწყების ამსახველი პრეს რელიზი: Press Release No. 17/130).

























