მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF: ბუნებრივია, რომ ლარის გაცვლითი კურსი მერყეობს

5be83a880c47b
ელენე კვანჭილაშვილი
11.11.18 19:00
1009
ინტერვიუ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში ფრანსუა პეჰშოსთან.

- ლარი - თემა, რომელიც დღეს ყველაზე აქტუალურია ამ ქვეყანაში. რა არის მისი გაუფასურების მთავარი მიზეზები. ამ ეტაპზე როგორც ჩანს, ვერც ინვესტორები და ვერც მოსახლეობა ვერ იჯერებს იმ მიზეზებს, რაც მათ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ესმით...

- პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი კურსის მოკლევადიან მერყეობებზე, როგორც წესი, კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ მაინც ვიტყვი ამას: ჩვენი აზრით, ეროვნული ბანკი ეფექტურად ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. მაგალითად, ეროვნული ბანკი მართებულად არის ფოკუსირებული ფასების სტაბილურობაზე. ინფლაცია დაბალია და ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელთან ახლოსაა. ამასთან, გაცვლითი კურსი მოქნილია და შოკების აბსორბაციის ფუნქციას ასრულებს. ეროვნული ბანკის პოლიტიკა რეზერვების დაგროვებისკენ არის მიმართული.

- მაგრამ მეორე მხრივ, თავად ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ კურსის მერყეობას ის უარყოფითი მოლოდინები ქმნის, რომლებიც თან ახლავს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს თავისი დაძაბულობით და დაპირისპირებებით. თუ ეს ფაქტორი ერთჯერადია, მაშინ რატომ არ არის ეროვნული ბანკის მხრიდან გამართლებული ადეკვატური ინტერვენცია?

- ბუნებრივია, რომ გაცვლითი კურსი მერყეობს. ასეც უნდა იყოს. ის ასახავს იმ ცვლილებებს, რაც ეკონომიკაში ხდება. ამას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის საგადასახადო ბალანსის ვითარება, გარე შოკების, გაურკვევლობა, მოლოდინები და დოლარის გლობალური გამყარება. ეს სულ მცირე, რაც ახლავე შეგვიძლია ჩამოვთვალოთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა შეინარჩუნოს მცურავი კურსი. საქართველოს აქვს მოქნილი სავალუტო კურსით შოკების გავლენის შემცირების გამოცდილება.

- შესაძლოა, რასაც ახლა თქვენ ამბობთ, ძალიან კარგად ესმის ხელისუფლებას, ეკონომისტების დიდ ნაწილს, ეროვნულ ბანკს და თქვენც, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, მაგრამ - მოდით, ერთი წუთით მთელ ამ სიტუაციას მოქალაქის, ამომრჩევლის თვალით და კონტექსტიც გავითვალისწინოთ. კონტექსტი კი ასეთია და ამაში ცოტა ხნის წინ დღევანდელი პრემიერიც აქტიურად გვარწმუნებდა, კერძოდ: ერთი მხრივ, სიღარიბე, ჭარბვალიანობა და დოლარიზაციის მაღალი ხარისხი და მეორე მხრივ, ამ ფონზე გაუფასურებული ლარი - ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად ადეკვატურია იმის მტკიცება, რომ ეკონომიკაში ყველაფერი კარგადაა?

- მე მაინც იმას ვიტყვი, რომ საქართველოს ეკონომიკა კარგად ვითარდება. ფუნდამენტური ფაქტორები ადგილზეა. ზრდა მაღალია. ინფლაცია დაბალია. მაკროეკონომიკური პოლიტიკა გონივრულია. მთავარი გამოწვევა ეკონომიკის ინკლუზიურობაა. სიღარიბის დონე მაღალი რჩება. ფარდობითი სიღარიბეც გაზრდილია, როგორც ეს UNICEF-ის უახლესმა კვლევამ აჩვენა. მაგრამ ჩვენთვის ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობამ უნდა გაატაროს დაგეგმილი რეფორმები - მათ შორის: გააუმჯობესოს ბიზნესგარემო, საქართველო უკეთ დააკავშიროს სავაჭრო პარტნიორებთან და გააძლიეროს სავაჭრო ურთიერთობები. ისიც უნდა ითქვას, რომ მთავრობა რამდენიმე ნაბიჯს დგამს მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად - მაგალითად, 2019 წლიდან გაიზრდება ბაზისური პენსია; იზრდება მიზნობრივი სოციალური დახმარებაც ბავშვებისთვის. ამ ნაბიჯებმა უნდა შეამციროს სიღარიბე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები