ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის აზრით, სებ-ის $10-მლნ-იანი ინტერვენცია რეზერვების შესავსებად გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯია.
ამის შესახებ მაჭავარიანმა ჟურნალისტებს 9 ნოემბერს ეროვნული ბანკის სავალუტო აქუციონზე 10 მლნ დოლარის შესყიდვის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.
„საქართველოს ეროვნული ბანკი მოიქცა ისე, როგორც ამ შემთხევავში ევალება ეროვნულ ბანკს ანუ ის პერიოდულად ავსებს სავალუტო რეზერვებს. ჩვენი სავალუტო რეზერვი არის იმაზე ბევრად ნაკლები, ვიდრე ჩვენი დონის ეკონომიკას შეესატყვისება. თქვენ შეგიძლიათ, ასევე წაიკითხოთ და მოისმინოთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციები ამასთან მიმართებაში; ისინი (IMF) დაჟინებით ითხოვენ ეროვნული ბანკისგან, რომ ყოველწლიურად განახორციელოს რეზერვების შევსება და ალბათ ამ შევსებისთვის გადადაგმული ერთ-ერთი ნაბიჯი იყო ეს”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ივანე მაჭავარიანის აზრით, $10 მლნ-იანი შესყიდვა არ იყო ისეთი მსხვილი ინტერვენცია, რომ მას საშუალო და გრძელ ვადაში სავალუტო კურსზე მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა.
ფინანსთა მინისტრი ირწმუნება, რომ ეროვნული ვალუტა გამყარების ტენდენციას გააგრძელებს, რადგან ეკონომიკაში ფუნდამენტურ პრობლემებს ადგილი არ აქვს.
„ლარი გამყარებისკენ ბუნებრივად წამოვიდა; კურსი იმდენად სპეკულაციური იყო და მე აღვნიშნე, რომ ეს იყო აჟიოტაჟი და მას ასი პროცენტით პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა. ეკონომიკის ფუნდამენტური მაჩვენებლები არის აბსოლუტურად მყარი; ჩვენი ეკონომიკა გარე შოკების და ზოგადად სხვადასხვა ტიპის ნეგატიური მოვლენების მიმართ ასეთი მდგრადი, როგორც დღესაა, არ ყოფილა. შესაბამისად, ის მერყეობა, რაც ბოლო კვირებში გამოვლინდა, იყო აბსოლუტურად სპეკულაციური. მე ვერ გეტყვით, ზუსტად რა ნიშნულზე გამყარდება ეროვნული ვალუტა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ლარი კიდევ განაგრძობს გამყარებას“, - განაცხადა მინისტრმა.