მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF: ეროვნულ ბანკს ბუფერების საკმარისი ოდენობა აქვს

5f6dd5ff4e1e4
შოთა ტყეშელაშვილი
25.09.20 18:07
2608
"ეროვნულ ბანკს ბუფერების საკმარისი ოდენობა აქვს," - ამის შესახებ გადაცემა "საქმიან დილის" ეთერში  საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა სელიმ ჩაკირმა განაცხადა. მისი თქმით, მართალია მცურავი გაცვლითი კურსი ქვეყნის ეკონომიკას შოკის შთანთქმაში ეხმარება, მაგრამ ზედმეტი მერყეობების შესამცირებლად და ინფლაციაზე გაუფასურების წნეხის შესამსუბუქლებლად ინტერვენციების განხორციელება მნიშვნელოვანია. 

"ეროვნულ ბანკს ბუფერების საკმარისი ოდენობა აქვს. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ძალიან კარგად ემსახურება მცურავი გაცვლითი კურსი - მას შოკის შემწოვის ფუნქცია აქვს. თუ შევხედავთ, საქართველოს ეროვნული ბანკიც - განსაკუთრებით წინა წლებთან შედარებით - საკმაოდ აქტიურია, რომ თავიდან აიცილოს ზედმეტი რყევა გაცვლით ბაზარზე - ინტერვენციები უფრო ხშირია და ასევე, სხვა ცენტრალური ბანკებისგან განსხვავებით, ეროვნული ბანკი ფრთხილად ეკიდება მონეტარული პოლიტიკის შერბილებას. ამის ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, იყო სწორედ ლარის კურსის მერყეობა და ინფლაციაზე გაუფასურების შესაძლო გავლენაა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს სწორი მიდგომაა. საუკეთესო თავდაცვა ამ შემთხვევაში ლარში სესხებაა და ამ კუთხითაც, ვფიქრობთ, ეროვნული ბანკის პოლიტიკა სწორი იყო, როცა ის ცდილობდა რეგულირების სხვადასხვა გზით შეემცირებინა დოლარიზაციის ხარისხი. დიახ, ეს მტკივნეული პერიოდია ბიზნესისთვის და მათი მხარდაჭერა უნდა მოხდეს საბიუჯეტო სახსრებით და მთავრობა ამ კუთხით აქტიურია. მაგალითად, გააფრთოვა საკრედიტო-საგარანტიო სქემა - მესმის, რომ ბიზნესი ამ ეტაპზე არ იყენებს მას აქტიურად, მთავრობა დღეს კონსულტაციებს გადის ბანკებთან, რომ შეცვალოს სქემის დიზაინი ისე, რომ ის უფრო მიმზიდველი გახდეს კერძო სექტორისთვის. ხდება საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების შემთხვევაში. საკმაოდ ფართო მხარდაჭერის პაკეტი მიიღო სამშენებლო სექტორმაც - ცნობილი 4%-იანი სუბსიდია ლარში აღებულ სესხებზე - და თუ საჭიროება კიდევ იქნება, დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობა კიდევ გააგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას, რადგან ბიუჯეტში ამის სახსრები არსებობს.

თუ არ ვცდები, მარტიდან მოყოლებული, გაყიდული საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ოდნავ ჩამოუვარდება 500 მილიონ ამერიკულ დოლარს. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ უპრეცედენტო დროში გვიწევს ოპერირება და ამ დოზით ინტერვენცია ცენტრალური ბანკის მხრიდან აქამდე არ განხორციელებულა. ამდენად, ეროვნული ბანკი ბაზარს ძალიან ყურადღებით აკვირდება და როცა საჭიროა, იყენებს ამ ინსტრუმენტს", - ამბობს ჩაკირი.

მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით დასმულ კითხვაზე კი სელიმ ჩაკირი პასუხობს, რომ IMF-ის შეფასებით, აქამდე სებ-ის პოლიტიკა სწორი იყო.

"ძალიან კარგი კითხვაა. ეს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაა. ჩვენი აზრით აქამდე ცენტრალურ ბანკს სწორი მიდგომა ჰქონდა. ჩემი აზრით, ეს პოლიტიკა სიტუაციაზე დაკვირვების და შემდეგ მოქმედების - გაგრძელდება. გადაწყვეტილების საფუძველი იქნება ისიც, თუ როგორ მოიქცევა გაცვლითი კურსი და რა გავლენა ექნება მას ინფლაციაზე. ინფლაცია ჩამოცდა 5%-ს - ვფიქრობთ, რომ ეს სწორი ტრაექტორიაა და ინფლაცია შემცირებას განაგრძობს. ამ წლის ბოლომდე სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს შესაძლოა ვერ მიაღწიოს - ამას შეიძლება ოდნავ მეტი დრო დასჭირდეს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის დასაწყისში ამ ნიშნულის მიღწევა შესაძლებელია", - განაცხადა ჩაკირმა. 

ინტერვიუ სელიმ ჩაკირთან:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები