ბიუჯეტში ქვეყნის შიგნით დაფინანსებული კაპიტალური პროექტები არაა შერჩეული სტანდარტული ან ფორმალიზებული შერჩევის კრიტერიუმებით, შერჩეული პროექტების დასრულების ვადები კი მითითებული არაა, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს და დასძენს, რომ ფინანსთა სამინისტრო პროექტების შერჩევის სტანდარტული მეთოდით არ ხელმძღვანელობს.
„პროექტებს არჩევენ მხარჯავი სამინისტროები, ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, თუმცა შერჩევის პროცესი არ არის თანმიმდევრული და სტანდარტული“, - აღნიშნავს IMF და დასძენს, რომ ქვეყანაში მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი უწყება მუნიციპალური განვითარების ფონდია, თუმცა მისთვის გამოყოფილი მთლიანი ტრანსფერები ცენტრალური მთავრობის მთლიანი კაპიტალური დანახარჯების მხოლოდ 20%-ს შეადგენს.
IMF მიუთითებს, რომ პროექტების შერჩევის მისაღები კრიტერიუმები მთავრობას უკვე წარდგენილი აქვს, თუმცა მათი იმპლემენტაცია ჯერ არ მომხდარა.