მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IMF: განათლებაში ხელფასების მატება მხოლოდ, ხარისხის ზრდის პარალელურად არის ეფექტური

5d0b2d18b6a06
შოთა ტყეშელაშვილი
20.06.19 10:40
843
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველი დირექტორის მოადგილე, დევიდ ლიპტონი საქართველოს მიერ IMF-ის პროგრამის შესრულების მიმდინარეობას აფასებს.

ლიპტონი ამბობს, რომ საქართველოს მიერ პროგრამით ნაკისრ ვალდებულებათა შორისაა სტრუქტურული რეფორმების პაკეტი, საიდანაც განათლების რეფორმა ფონდისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.

ფონდი ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა განათლების ბიუჯეტის ზრდას გეგმავს, თუმცა, აქვე ლიპტონი აცხადებს, რომ განათლების რეფორმა მხოლოდ ხარჯვის გაზრდით ვერ ჩატარდება და მას საფუძვლიანი დაგეგმვა ესაჭიროება. IMF მიანიშნებს, რომ მხოლოდ ხელფასების მატება განათლების რეფორმას არ წარმოადგენს. 

"ხელფასის მატება შეიძლება ეფექტური იყოს მხოლოდ სხვა ღონისძიებების პარალელურად, რაც განათლების ხარისხის ზრდას ითვალისწინებს და განათლების რეფორმის საფუძვლიან დაგეგმვას მოითხოვს,"- ამბობს დევიდ ლიპტონი. 

ცნობისთვის: ამა წლის 19 ივნისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მეოთხე მიმოხილვა დაასრულა. 

აღნიშნულ პროგრამას საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს სამწლიანი „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ (Extended Fund Facility (EFF)). 

ამ მიმოხილვის დასრულებისთანავე საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება 30 მილიონი ეს-დე-ერი (დაახლოებით 41.4 მილიონი აშშ დოლარი), შედეგად პროგრამის ფარგლებში მთლიანი ჩამორიცხვები 150 მილიონ ეს-დე-ერს (დაახლოებით 207.2 მილიონ აშშ დოლარს) გაუთანაბრდება. 

საქართველოს პროგრამა, რომლის მთლიანი მოცულობა 210 მილიონ ეს-დე-ერს (საქართველოს ქვოტის 100 პროცენტს) შეადგენს სსფ-ს აღამსრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებული იქნა 2017 წლის 12 აპრილს. (პროგრამის დაწყების ამსახველი პრეს რელიზი: Press Release No. 17/130). 

IMF-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავაც კარგია: ეკონომიკის ზრდის ტემპი მდგრადია, ინფლაცია კონტროლს ექვემდებარება, ხოლო საგარეო ფაქტორების მიმართ ქვეყნის მოწყვლადობა შემცირებულია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები