მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IMF-ღარიბ ქვეყნებს: "გლობალური საკონსულტაციო კომპანიების დაქირავებაზე თანხები დაზოგეთ"

5c627fb839f71
ელენე კვანჭილაშვილი
12.02.19 12:16
1734
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) ღარიბ ქვეყნებს ურჩევს, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების დაქირავებაზე თანხები დაზოგონ.

ფონდის მმართველი დირექტორის ქრისტინ ლაგარდის თქმით, გლობალური საკონსულტაციო კომპანიების დაქირავება სტრატეგიული განვითარების დოკუმენტების მომზადებისთვის ამ დოკუმენტების ეფექტიანობის გარანტი არ არის.

IMF-ის ეს საკმაოდ მკაცრი გზავნილი, რომელიც დავოსში გამართულ ბოლო მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გაისმა, მხოლოდ განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენლებისადმი არ იყო მიმართული: ლაგარდმა ფორუმზე დამსწრე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლებს პირდაპირ მოუწოდა, მისი სიტყვებისთვის ყურადღება მიექციათ – ამასთან, პირდაპირ დაასახელა კომპანიებიც: მაკკინზი და ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფი.

„ბევრ საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე და განვითარებად ქვეყანას ვაკვირდები, თუ როგორ ხარჯავენ ისინი მილიონობით დოლარს იმ მიზნით, რომ დაქირავებულმა კონსულტანტებმა განვითარების სტრატეგიული გეგმა მოუმზადონ. ჩემი რჩევაა, ამ ქვეყნების წარმომადგენლებმა გაერო-ს მიერ დადგენილ პრინციპებს და სამოქმედო გეგმებს გადახედონ და ეს გახდეს მათთვის განვითარების ამოსავალი წერტილი. ამ მიზნების შემდგომ იმპლემენტაციაში უკვე შეიძლება კონსულტანტებიც ჩაერთონ, მაგრამ სამიზნეების ხელახლა იდენტიფიცირება საჭირო არ არის. ძირითადი სტრატეგიული მიზნები უკვე არსებობს. მათ ხელახლა გამოგონებაში კი, უამრავი ფული იხარჯება. ამ არაეფექტიანი ხარჯების დაზოგვა ნამდვილად შესაძლებელია“, – აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა ქრისტინ ლაგარდმა.

მსოფლიო მედია უკვე წერს, რომ IMF-ის ასეთი მაღალი თანამდებობის პირის ასეთი მასშტაბური ფორუმიდან პირდაპირი მოწოდება – განვითარებადმა ქვეყნებმა იმპორტირებულ კერძო სექტორის ექსპერტიზაზე უარი თქვან, შეიძლება, გლობალურად, ამ ბიზნესის წარმომადგენლების და არა მხოლოდ მათი „წარბის აწევის“ მიზეზიც გახდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები