საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა აღნიშნავს, რომ როგორც ცენტრალური ბანკისთვის, ასევე მთავრობისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ქონა თვითმიზანს არ წარმოადგენს. ამასთან, თურნავა აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკისთვის IMF-ი არის მნიშვნელოვანი პარტნიორი ფინანსური და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების პროცესში.
ამასთან, ნათია თურნავა აღნიშნავს, რომ სებ-ში ფონდის მისიის ვიზიტი არის დაგეგმილი და მათთან დაკავშირებით პოზიციის ჩამოყალიბება სწორედ ამ მისიის შემდეგ მოხდება.
"ჩვენი შეფასება და პოზიცია ჩამოყალიბდება ამ მისიების შემდეგ, მათ შორის დიაგნოსტიკური მისიის შემდეგ. ისევ ვამბობ, რომ პროგრამა არ არის თვითმიზანი. მიზანი არის ჩვენი მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება, ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება და IMF-თან, როგორც ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ ინსტიტუციასთან, კარგი სამუშაო ურთიერთობების შენარჩუნება,"- განაცხადა ნათია თურნავამ.
6 ნოემბერს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა ენდრიუ ჯუელმა განაცხადა, რომ გასულ კვირაში სებ-ში IMF-ის ტექნიკური მისია იგეგმებოდა, თუმცა ის ჩინეთში ნათია თურნავას ოფიციალური ვიზიტის გამო გადაიდო.
"საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოითხოვა ტექნიკური დახმარების მისია სწორედ იმისთვის, რომ შეფასებულიყო უკვე გადადგმული ნაბიჯები და განსაზღვრულიყო, რა დამატებით რეფორმებს ვურჩევთ. ეს მისია ამ კვირაში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა გადაიდო. ახალი თარიღი ჯერ არ დადგინდა, თუმცა მისი მიზანი სწორედ მიღწეული პროგრესის შეფასება და შემდგომი საჭირო რეფორმების განსაზღვრა იქნება. გადადების მიზეზი ისაა, რომ სების პრეზიდენტი ნათია თურნავა ჩინეთში გაემგზავრა,"- აღნიშნა ენდრიუ ჯუელმა.
ამასთან, IMF-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ტექნიკური მისია იმუშავებს ეროვნული ბანკის მმართველობის სისტემის შეფასება იქნება. ჯუელის თქმით, ფონდმა წარსულშიც აღნიშნა, რომ ამჟამად არსებული საპრეზიდენტო მოდელიდან უფრო კოლეგიალურ მოდელზე გადასვლას უჭერენ მხარს, როდესაც სების გადაწყვეტილებების მიღება ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ ხდება.
























