„მე მაინც იმას ვიტყვი, რომ საქართველოს ეკონომიკა კარგად ვითარდება“, - ასე უპასუხა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ფრანსუა პეჰშომ „ანალიტიკის“ შეკითხვას იმის თაობაზე, რამდენად ადეკვატურია საქართველოს ეკონომიკის წარმატებაზე საუბარი იმ პირობებში, როდესაც ერთის მხრივ, ქვეყანაში მაღალია სიღარიბის, ჭარბვალიანობისა და დოლარიზაციის ხარისხი და მეორეს მხრივ, ლარი პერიოდულად მკვეთრად უფასურდება.
ფრანსუა პეჰშო ამბობს, რომ ლარის გაუფასურებაზე ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორები არ მოქმედებს, მთავარ გამოწვევად კი, ისევ ეკონომიკის ინკლუზიურობა რჩება.
„სიღარიბის დონე მაღალი რჩება. ფარდობითი სიღარიბეც გაზრდილია, როგორც ეს UNICEF-ის უახლესმა კვლევამ აჩვენა. მაგრამ ჩვენთვის ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობამ უნდა გაატაროს დაგეგმილი რეფორმები - მათ შორის: გააუმჯობესოს ბიზნესგარემო, საქართველო უკეთ დააკავშიროს სავაჭრო პარტნიორებთან და გააძლიეროს სავაჭრო ურთიერთობები“, - ამბობს პეჰშო.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ხაზს უსვამს იმ კონკრეტულ ინიციატივებსაც, რომლებიც საქართველოს პრემიერმინისტრმა და მმართველმა გუნდმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გააცნო მოსახლეობას.
„ისიც უნდა ითქვას, რომ მთავრობა რამდენიმე ნაბიჯს დგამს მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად - მაგალითად, 2019 წლიდან გაიზრდება ბაზისური პენსია; იზრდება მიზნობრივი სოციალური დახმარებაც ბავშვებისთვის. ამ ნაბიჯებმა უნდა შეამციროს სიღარიბე“, - ამბობს ფრანსუა პეჰშო „ანალიტიკასთან“ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის სულ ბოლო გათვლებით - 18 წელი - ეს არის ის დრო, რაც ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებს დასჭირდებათ იმისთვის, რომ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლები ისევე გაზარდონ, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებშია.
ბოლო მიმოხილვაში, რომელიც ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებს ეხება, ისიც აღნიშნულია, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზები ამ რეგიონის ქვეყნებისთვის საშუალოვადიან პერიოდში ისედაც ისტორიულად დაბალია, ხოლო ამ ფაქტორის და დემოგრაფიული ტრენდის გათვალისწინებით, თითქმის სწორედ 2 ათწლეულია საჭირო იმისთვის, რომ ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებმა დაბალშემოსავლიანი ქვეყნების სტატუსიდან ევროპის განვითარებადი ბაზრების შემოსავალის მქონე ქვეყნების სტატუსი მიიღონ.