საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი, მოქნილ გაცვლით კურსთან ერთად და სავალუტო ბაზარზე ჩარევები რეზერვების ზრდის მიზნით საქართველოს კარგ სამსახურს უწევს.
ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მეოთხე მიმოხილვასთან დაკავშირებით სსფ-ის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ რელიზშია აღნიშნული.
“მონეტარული პოლიტიკა კვლავ მართებულად არის მიმართული ფასების სტაბილურობაზე. რადგან ბოლოდროინდელ ფასების მატებას დროებითი ფაქტორები განაპირობებს, ნეიტრალური მონეტარული პოზიციის შენარჩუნება შესაფერისი პასუხია. კრედიტის გაცემის პირობების გამკაცრებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, დაწია კრედიტის ზრდის ტემპი მდგრად დონემდე. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი, მოქნილ გაცვლით კურსთან ერთად, და სავალუტო ბაზარზე ჩარევები რეზერვების ზრდის მიზნით საქართველოს კარგ სამსახურს უწევს”, - აცხადებს სსფ-ის მმართველი დირექტორის პირველი მოადგილე და აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დევიდ ლიპტონი.
ცნობისთვის: ამა წლის 19 ივნისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მეოთხე მიმოხილვა დაასრულა.
აღნიშნულ პროგრამას საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს სამწლიანი „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ (Extended Fund Facility (EFF)).
ამ მიმოხილვის დასრულებისთანავე საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება 30 მილიონი ეს-დე-ერი (დაახლოებით 41.4 მილიონი აშშ დოლარი), შედეგად პროგრამის ფარგლებში მთლიანი ჩამორიცხვები 150 მილიონ ეს-დე-ერს (დაახლოებით 207.2 მილიონ აშშ დოლარს) გაუთანაბრდება.
საქართველოს პროგრამა, რომლის მთლიანი მოცულობა 210 მილიონ ეს-დე-ერს (საქართველოს ქვოტის 100 პროცენტს) შეადგენს სსფ-ს აღამსრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებული იქნა 2017 წლის 12 აპრილს. (პროგრამის დაწყების ამსახველი პრეს რელიზი: Press Release No. 17/130).

























