საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა - ამის შესახებ შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ სუბირ ლალმა სებ-ში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სუბირ ლალის განცხადებით ფონდი წელს საქართველოში 4.8%-ის ნაცვლად, 5.7%-ის ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან, ნათია თურნავასთან და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან გამართულ პრესკონფერენციაზე სუბირ ლალმა IMF-ის მისიის ძირითადი მიგნებების შესახებ ისაუბრა. მისი განმარტებით, სხვადასხვა პოზიტიური ფაქტორების, მათ შორის ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამ ზრდის მოლოდინები გააუმჯობესა. განახლებული პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა რეგიონში ყველაზე მაღალი ტემპით გაიზრდება.
პრესკონფერენციაზე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ზრდის პროგნოზს მთავრობაც გადახედავს.
"2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი წარვადგინეთ 2023 წლის ბოლოს და ეს მოხდა 2024 წლის ბიუჯეტის წარდგენისას. ჩვენ მაშინ განვსაზღვრეთ რომ საპროგნოზო ზრდა იქნებოდა 5.2% თუმცა მივუთითეთ, რომ ამ მაჩვენებელს გადავხედავდით.
შესაბამისად, მოლოდინი უნდა გვქონდეს იმისა, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს ფინანსთა სამინისტროც გადახედავს ზრდის მიმართულებით და ეს მოხდება მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში,"- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
IMF-ის პროგნოზით, მიმდინარე წლის განმავლობაში თურქეთის ეკონომიკა 3.1%-ით გაიზრდება, სომხეთის 4.7%-ით, აზერბაიჯანის 2.4%-ით, რუსეთის კი 1.3%-ით. გარდა ამისა, IMF წელს უკრაინის ეკონომიკის 3.2%-იან ზრდას პროგნოზირებს.