საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა და 5,5%-ზე დააფიქსირა. IMF-ის წინა პროგნოზი 2018 წლისთვის 4,8% იყო. სავალუტო ფონდი მის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზით საქართველოში ვიზიტს აჯამებს.
ფონდი აღნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვა გამოიწვია მოსალოდნელზე მაღალმა ეკონომიკურმა აქტივობამ.
აქვე აღნიშნულია, რომ ეკონომიკაზე შესაძლო უარყოფითი გავლენის მქონე რისკები გაიზარდა სხვა ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების გამო. შესაბამისად, IMF მიიჩნევს, რომ ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქნილი გაცვლითი კურსის და გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელება.
IMF წერს, რომ ხელისუფლების მიერ დაწყებული რეფორმების განხორციელება ხელს შეუწყობს მაღალ ზრდას გრძელვადიან პერიოდში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით თბილისს 21-27 ივნისს ეწვია ეკონომიკის და საფინანსო სექტორში არსებული მიმდინარე ვითარების და სტრუქტურული რეფორმის მიმდინარეობის მიმოხილვის მიზნით. მისიის დასასრულს ვერა-მარტინმა განაცხადა შემდეგი:
“ეკონომიკურმა აქტივობამ იმატა 2018 წლის პირველ ნახევარში. წლიურმა ზრდამ 5.7 პროცენტი შეადგინა, რასაც ხელი შეუწყო ძლიერმა საგარეო მოთხოვნამ, ფულადი გზავნილების და დაკრედიტების ზრდამ. წინასწარი მონაცემებით, ივნისის ბოლოს მდგომარეობით, ბიუჯეტიც მოსალოდნელზე უკეთესად სრულდებოდა. ინფლაციამ ივლისში 2.8 პროცენტი შეადგინა და წლის განმავლობაში მეტწილად საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელზე (3 პროცენტზე) ქვემოთ იყო. იმის გათვალისწინებით, რომ ინფლაციის პროგნოზი დაბალ დონეზე ნარჩუნდება, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაცია დაიწყო და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა. ამავდროულად, დეპოზიტებისა და სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი კლებას განაგრძობს.
„მაღალი ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით 2018 წლის ზრდის პროგნოზი 4.8 პროცენტიდან 5.5 პროცენტამდე გავზარდეთ. მოსალოდნელი მაღალი ეკონომიკური აქტივობა და სავაჭრო პირობების შესუსტება, სავარაუდოდ, გაზრდის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს. ეკონომიკურ პერსპექტივაზე შესაძლო უარყოფითი გავლენის მქონე რისკები, რაც განპირობებულია რეგიონში არსებული ვითარებით და სავაჭრო კონკურენციით, რეზერვების დაგროვების და მოქნილი გაცვლითი კურსის შენარჩუნების საჭიროებას წარმოშობს. მოქნილი გაცვლითი კურსი სასარგებლოა საქართველოსთვის და იგი გონივრულ მაკრო პოლიტიკასთან ერთად, გააძლიერებს ქვეყნის მედეგობას საგარეო შოკების მიმართ.
“სსფ-ს მისიამ საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილა მაღალი და ინკლუზიური ზრდის ხელმშემწყობი რეფორმების მიმდინარეობა; შეაფასა სხვადასხვა ინიციატივები. საქართველოს ხელისუფლებამ შექმნა დამოუკიდებელი საპენსიო სააგენტო და დაამტკიცა დებულებები კერძო და საჯარო თანამშრომლობის კანონის განხორციელებისათვის. ხელისუფლებამ დახვეწა გადახდისუუნარობის კანონი და აამოქმედა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ხელშემწყობი დებულებები. ამჟამინდელი გარემოში მიზანშეწონილია სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება ეკონომიკის მედეგობის გაზრდის, კერძო სექტორის მიერ წაძღოლილი ზრდის, ეკონომიკის დივერსიფიცირების და ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზნით.
“სსფ-ს მისია მადლობას უხდის საქართველოს ხელისუფლებას ღია და კონსტრუქციული განხილვებისთვის ვიზიტის მსვლელობისას. მისია შეხვდა ბატონ კობა გვენეტაძეს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ბატონ ივანე მაჭავარიანს, საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ქალბატონ მაია ცქიტიშვილს, საქართველოს ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრს, ასევე ხელისუფლების სხვა და დიპლომატიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს. სსფ-ს მისია მოუთმენლად ელოდება თანამშრომლობას ქვეყნის ხელისუფლებასთან მიმდინარე, სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი, საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მოახლოებული, მესამე მიმოხილვის ფარგლებში, რომელიც ამა წლის ოქტომბრის თვეში არის დაგეგმილი.“