ზრდის შემცირების მიუხედავად, ფონდის პროგნოზი მაინც უფრო მაღალია იმაზე, რასაც საქართველოს მთავრობა პროგნოზირებს. ბიუჯეტის ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორების მიხედვით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4.5% იქნება.
2020 წლიდან IMF-იც და საქართველოს მთავრობაც ზრდის 5%-მდე დაჩქარებას პროგნოზირებენ. არსებული მდგომარეობით, IMF საქართველოსთვის რეგიონის ქვეყნებთან შედარებით მაინც უფრო მაღალ ზრდას პროგნოზირებს:
- სომხეთი - 4.5%;
- საქართველო - 4.6%;
- აზერბაიჯანი - 3.4%;
- რუსეთი - 1.6%;
- თურქეთი - მინუს 2.54%;
- უკრაინა - 2.7%.
“საპასუხოდ საჭიროა გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა ეკონომიკური მდგრადობის გასაძლიერებლად და რეზერვების დასაგროვებლად, მოქნილი გაქცვლითი კურისის შენარჩუნებით", - წერია ფონდის მისიის შემაჯამებელ განცხადებაში.
რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკის სიმდიდრეს, მსყიდველობითი უნარის (PPP) მიხედვით, 2019 წელს საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე $12,282-ის ტოლფასი იქნება. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოს ქვეყნების პირველ ასეულს მიღმაა და მას ასწრებენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა მონღოლეთი, გაბონი და ბოტსვანა.

























