საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, „ფინანსური მდგომარეობის გაძლიერებაზე მიმართული რეგულაციები მოსაწონია, თუმცა, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს მათი გავლენა კრედიტის ზრდაზე“.
ამის შესახებ IMF-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, საიდანაც ირკვევა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი" საქართველოს პროგრამის მესამე მიმოხილვა ფორმალური მიმოხილვის გარეშე დაამტკიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთვის, დაახლოებით, 41.6 მილიონი აშშ დოლარი ხელმისაწვდომი ხდება.
„ფინანსური მდგომარეობის გაძლიერებაზე მიმართული რეგულაციები მოსაწონია, თუმცა, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს მათი გავლენა კრედიტის ზრდაზე. სტრუქტურული რეფორმების განხორციელება მაღალი, მეტად ინკლუზიური ზრდის მიღწევის გზაა. პრიორიტეტებს შორისაა: ახალი კანონის მიღება კორპორაციათა გაკოტრების შესახებ და კარგად შედგენილი, ყოვლისმომცველი რეფორმა საგანმანათლებლო სფეროში“, - ნათქვამია ოფიციალურ პრესრელიზში.
IMF იმასაც აღნიშნავს, რომ კრედიტის მაღალი ზრდის ფონზე, ხელისუფლებამ მოსახლეობის ჭარბვალიანობის შეზღუდვის მიზნით რეგულაცია აამოქმედა.
სავალუტო ფონდის შეფასებით, საბანკო სექტორის კაპიტალიზაცია მაღალია, სექტორი ლიკვიდური და მომგებიანია, თუმცა, დოლარიზაცია კვლავ მაღალია.
„პოზიტიური შედეგების მიუხედავად ხელისუფლება ყურადღებით უნდა იყოს საგარეო ვითარების მიმართ და განაგრძოს რეფორმების განხორციელება ინკლუზიური ზრდის წასახალისებლად“, - წერია პრესრელიზში.

























