მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IMF: საქართველოს მთავრობა გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვის კონტრაქტებს 650 მეგავატამდე შეზღუდავს

5c1bc9eb38d3c
BM.GE
21.12.18 10:33
925
საქართველოს მთავრობა გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვის კონტრაქტების მოცულობას 650 მეგავატამდე შეზღუდავს, -  ამის შესახებ სავალუტო ფონდის მისიის ანგარიშშია ნათქვამი.

ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვა არის სახელმწიფოს პირობა ენერგოკომპანიისა ან ინვესტორის მიმართ, რომ ის გამომუშავებულ ელექტროენერგიას წინასწარ დადგენილ ფასად შეისყიდის. IMF-ის შეფასებით წარსულში გაფორმებული გარანტირებული შესყიდვები მათი მნიშვნელოვანი მოცულობის გამო, ქვეყანას ფისკალურ რისკს უქმნიდა, რის გამოც ფონდმა სახელმწიფოს მათი სრული ელიმინაციის რეკომენდაცია მისცა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებში გამონაკლისს ნამახვან ჰესების კასკადისა და კორომხეთი ჰესის პროექტებისთვის დასაშვებად მიიჩნევს.

ამასთანავე, დადგენილია სამი პირობა, რომელთაც მსგავსი კონტრაქტები უნდა აკმაყოფილებდნენ:

გარანტირებული შესყიდვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 8 თვეს;

შესყიდვის ღირებულება არ უნდა იყოს 6 ცენტზე მეტი;

გარანტირებული შესყიდვების კონტრაქტების საერთო ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 650 მეგავატს.

საქართველოს მთავრობა მსხვილი ენერგოპროექტების დაფინანსების ალტერნატიული გზების ძიებაშია.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ განაცხადა, ერთერთ შესაძლებლობად საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხის ნაწილის ენერგეტიკაში მიმართვაც განიხილება. მთავრობა ასევე სწავლობს ე.წ. “მწვანე ბონდების” გამოშვების შესაძლებლობასაც, რომლებიც კონკრეტული ენერგოპროექტების ფინანსირებისთვის გამოშვებული ფასიანი ქაღალდები იქნება:

“მსხვილი პროექტები აუცილებელია ჩვენი ენერგოუსაფრთხოებისა და საბაზისო სიმძლავრეებისთვის. ეს პროექტები ძვირია და მათი ეფექტი სამომხმარებლო ტარიფზე რომ შემცირდეს, განიხილება, რომ მათ შორის, სახელმწიფომ მიიღოს მონაწილეობა არა მხოლოდ გარანტიების მხრივ, არამედ თანადაფინანსებაში და ერთ-ერთ წყაროდ ამ მხრივ შეიძლება, განხილული იყოს საპენსიო ფონდი; უბრალოდ გარკვეული დათქმებით; მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შეიძლება ისეთი სტრუქტურის მოწყობა, რომლითაც ეს თანხებიც ჩაერთვება და მოსახლეობის უფრო ფართო ფენებიც ჩაერთვებიან. მაგალითად ე.წ. მწვანე ბონდების იდეაც გვაქვს,”- ამბობს თურნავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები