"იმის მაგივრად რომ ბოდიში მოიხადონ, კიდევ ბრალდებებით მესაუბრებიან" - ასე პსუხობს "ეარ ჯორჯიას" დამფუძნებელი, ბიზნესმენი გიორგი კოდუა ვიცე-პრემიერის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სპეკულაციაა, რომ კოდუას ფრენების დაწყებაში ხელი სახელმწიფომ შეუშალა.
საქმე ის არის, რომ ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ძალიან უჭირდა, გაეცა ავიაკომპანიაზე ოპერირების ნებართვა, რადგან შეუსაბამო იყო მის მიერ წარდგენილი განცხადებები და ინფორმაცია, რომელსაც სააგენტო ფლობდა. მინისტრი ამით კოდუას ერთ-ერთ მედიაში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „საქართველოს მთავრობას აშშ-სთან ფრენების განხორციელების სურვილი არ აქვს“.
კოდუა BMG-ისთან აცხადებს, რომ პროცესს ხელი პოლიტიკური ნების არარსებობამ შეუშალა, "ეარ ჯორჯიამ" კი, ფრენების დასაწყებად ყველა ნაბიჯი გადადგა და დიდი ფინანსური ვალდებულებებიც აიღო.
"ადვილია საუბარი, როცა ჩინოვნიკი ხარ. კერძო სექტორი ვრისკავთ, მილიონები გადავიხადე, თვითმფრინავი ჩამოვიყვანე და ჩამოყვანილი თვითმფრინავი ამათი გაწელილი ბიუროკრატიის და პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, 6 თვე გაჩერებული მყავდა. იმის მაგივრად რომ ბოდიში მოიხადონ, კიდევ ბრალდებებით მესაუბრებიან. უბრალოდ სირცხვილია. ჩვენ სხვადასხვა სტატუსი გვაქვს, მე ბიზნესმენი ვარ ჩემი პარტნიორების და საკუთარი მოძიებული რესურსით ვრისკავ და ისინი რას აკეთებენ, ბიზნესს ეხმარებიან, თუ ხელს უშლიან? მთავრობის მოვალეობაა, რომ ვალდებულებები კეთილსინდისიერად შეასრულონ.
ფაქტები შემდეგია, 2021 წელს ჩამოვიყვანე თვითმფრინავი, თვითონ მთხოვდნენ ამას, რომ ფიზიკურად მყოლოდა ბოინგი, რათა ტრანსკონტინენტური ფრენები დაწყებულიყო. თვითმფრინავი იყო სპეციალურად შორ მანძილზე ფრენისთვის, ასეთი თვითმფრინავი საქართველოს ავიაციის ისტორიაში არავის შემოუყვანია. დიდ დანახარჯებთანაა კავშირში და იმიტომ. მე გავრისკე იმის იმედით, რომ საქართველოს მთავრობა შეასრულებდა იმას, რაც ავალიათ. მე არ მითხოვია არც დაფინანსება, არც სუბსიდია და არც დოტაცია, როგორც ამას Wizzair-ზე აკეთებენ. ვითხოვდი სტანდარტების იმპლემენტაციას, რასაც ითხოვს აშშ-ი, რომ მასთან ფრენა დაუშვას. ეს მთავრობის გასაკეთებელია, ამას მე ვერ გავაკეთებდი.
სამი კომპონენტია: პირველი - ავიაკომპანია, რომელსაც ჰყავს შესაბამისი თვითმფრინავი და ეს მე გავაკეთე და 6 თვე აქ იყო ეს თვითმფრინავი. მეორე - სახელმწიფომ უნდა დანერგოს ნორმები და აკონტროლოს ჰარმონიზაცია. მესამე კომპონენტია აეროპორტი, რომლის გადაიარაღებაც უნდა მოხდეს. მე, ჩემი ნაბიჯი გადავდგი, როცა არ იყო უკურეაქცია, იმდროინდელ ელჩს, ქალბატონ დეგნანს მივმართე. მან გამოთქვა მზაობა დაგვხმარებოდა. შეხვდით ქართულ მხარეს. ძალიან სამწუხაროა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკით აშშ-ი კი არა, საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული, აქ კი, პირიქით გამოვიდა. ეს არის სრული ისტორია. ამის შემდეგ, მე ყველა დიდი ვალდებულება გავისტუმრე, რაც იმ ექვსმა თვემ დამიგროვდა", - ამბობს კოდუა.
ბიზნესმენის მტკიცებით, აშშ-ში ფრენების დაწყების იდეა სახელმწიფოს და იმჟამინდელ პრემიერს მამუკა ბახტაძეს ეკუთვნოდა.
"აშშ-ში ფრენების იდეა წამოვიდა ასე: მაშინ ეკონომიკის მინისტრი იმყოფებოდა შტატებში და მოლაპარაკება ჰქონდა ფრენების დაწყებაზე, მაგრამ დიდი ავიაკომპანიებიდან, პიარების გარდა, არავინ შეხვდა თურნავას დელეგაციას. გეგმა იყო, რომ ამერიკულ კომპანიას უნდა დაეწყო რეისები, რაც მათთვის საინტერესო არ აღმოჩნდა. იმ დროს პრემიერის მამუკა ბახტაძის მეგობარი, ერთ-ერთი ბიზნესმენი პრემიერისვე ინიციატივით დამიკავშირდა. რადგან ამერიკული მხარე არ იყო მზად დაეწყო მათ ავიაკომპანიას ფრენები, საქართველოს მთავრობამ ბიზნესმენს ფრენებში ინვესტირება სთხოვა. იმის გათვალისწინებით, რომ ავიაცია ამ ბიზნესმენის სფერო არ იყო, იგი მე დამიკავშირდა და ამ საკითხით დაინტერესება მთხოვა. 2019 წელს შესაბამისი შეხვედრები გვქონდა და დავთანხმდი ამ ინიციატივას. შემდეგ ბახტაძე შეიცვალა და შეიცვალა ინტერესებიც", - განაცხადა კოდუამ bm.ge-სთან.