"იმისათვის, რომ მუშაობა გავაგრძელოთ, თვეში მინიმუმ 3000 ლარია საჭირო", - ამის შესახებ info imereti-ს დამფუძნებელმა, ირაკლი ვაჩიბერაძემ BMGTV-ს გადაცემაში "საქმიანი დილა" ისაუბრა.
მისივე ცნობით, ქართული ოცნების მიერ მიღებული კანონების შემდეგ(საუბარია მედიის შესახებ კანონზე), ფაქტობრივად მარწუხებშია მოქცეული არა მარტო Info Imereti, არამედ რეგიონული მედია. ასევე ეროვნული და ცენტრალური მედიებიც, რის გამოც შეიძლება ითქვას, რომ ეს მედიები შემოსავლის გარეშე დარჩა.
„რეგიონალური მედია 4 წლის წინ დაფუძნდა, რომელიც იმერეთის რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტის შესახებ ინფორმაციას აშუქებს. "ქართული ოცნების" მიერ მიღებული კანონების შემდეგ, ფაქტობრივად მარწუხებშია მოქცეული არა მარტო Info Imereti, არამედ რეგიონული მედია. ასევე ეროვნული და ცენტრალური მედიები, რის გამოც შეიძლება ითქვას, რომ დავრჩით შემოსავლის გარეშე, ვეღარ ვინახავთ თანამშრომლებს. ჩვენი რედაქცია არ არის დიდი რედაქცია. გვყავს 4 თანამშრომელი დასაქმებული, თუმცა 2 თვეა ვართ იმ პრობლემების წინაშე, როდესაც ხელფასების გადახდას ვეღარ ვახერხებთ. ვინაიდან, შეწყვეტილია საერთაშორისო დახმარებები, ხოლო ადგილობრივ ბიზნესები თავს იკავებენ კრიტიკულ მედიაში ინვესტირებისგან.
როდესაც პრობლემები დაიწყო, თანამშრომლები დავსხედით და ვისაუბრეთ. მაქსიმალური ქამრების შემოჭერის პირობებში, მინიმუმ რომ რედაქციამ გააგრძელოს მუშაობა, სიმბოლურად დაახლოებით 3000 ლარია საჭირო. ანუ, თუ ჩვენ ყოველთვიურად მინიმუმ 3000 ლარი გვექნება, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი აუდიტორია იმერეთის რეგიონიდან მიიღებს უახლეს ამბებს.
მაქსიმალურად "დავწურეთ" თანამშრომლები. გვყავს 1 ოპერატორი, 2 რეპორტიორი და 1 რედაქტორი. ანუ, გვინდა, რომ ის საბაზისო კომპონენტები შევინარჩუნოთ, რათა შევინარჩუნოთ მულტიმედია ფუნქცია, რომ აუდიტორიას მივაწოდოთ როგორც ვიდეო კონტენტი, ასევე ბეჭდური მედია“, - ამბობს ვაჩიბერაძე.
აღსანიშნავია, რომ რეგიონალური მედია free donation-ზეა უკვე წარმოდგენილი, თუმცა ამ ეტაპზე, მათ ფონდში თანხის ჩარიცხვა არ მომხდარა. ვაჩიბერაძე იმედოვნებს, რომ მათი გამოწვევით დაინტერესება მოხდება და იმერეთში კრიტიკული მედია შენარჩუნდება, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის.

























