მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმისთვის, რომ აგრომეურნეობა განვითარდეს, საჭიროა გამოცდილება, ცოდნა და ფინანსები" – "აგროსფეროს" სტიპენდიატი

აგროსფერო
18.07.24 11:55
67

ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია „აგროსფერო“ მე-3 წელია, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სასტიპენდიო და პრაქტიკა-სტაჟირების პროგრამებს ახორციელებს. პროგრამების მიზანი აგრომეურნეობის პოპულარიზაცია, დარგით მეტი ახალგაზრდის დაინტერესება და კვალიფიციური კადრების მომზადებაა.

წელს „აგროსფერომ“ პროგრამაში მონაწილეთა რიცხვი გააორმაგა და სტიპენდია მაღალი მოსწრების III-IV კურსის 6 სტუდენტს დაუნიშნა. მათ რამდენიმე თვის განმავლობაში მიეცემათ შესაძლებლობაც, რომ პრაქტიკა-სტაჟირება კომპანიის სერვისცენტრებში, სადემონსტრაციო სათბურში, სადემონსტრაციო ვენახში,

სერტიფიცირებული ხორბლის სათესლე მასალის წარმოებაში, მექანიზაციის სერვისში, პარტნიორი ფერმერების ნაკვეთებსა და სათბურებში გაიარონ.

გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ ინტერვიუების სერია, რომელიც „აგროსფეროს“ სტიპენდიატებს ახლოდან გაგაცნობთ. ამჯერად საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მექანიკის ინჟინერიის პროგრამის III კურსის სტუდენტს, მარიამ ღვინიაშვილს ვესაუბრეთ.

მარიამ, რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ „აგროსფეროს“ პროგრამების მსგავსი ინიციატივები?

გარდა იმისა, რომ ამ ტიპის ინიციატივები დიდ მოტივაციას აძლევს და ხელს უწყობს სტუდენტებს ხარისხიანი განათლების მიღებაში, ასევე, პოპულარიზაციას უწევს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგს. მაგალითად, ადრე ბევრმა საერთოდ არ იცოდა, რას გულისხმობს აგრონომია ან მექანიკის ინჟინერია, ახლა კი უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ამ დარგებით.

როგორ ფიქრობთ, თქვენ რამდენად შეგიწყობთ ხელს „აგროსფეროს“ საგანმანათლებლო პროგრამები?

რაც არ უნდა კარგად სწავლობდეს სტუდენტი, პრაქტიკის გარეშე ჩვენს პროფესიას სიღრმისეულად მაინც ვერ შეისწავლი. უნივერსიტეტის ფარგლებში კი პრაქტიკული გამოცდილების მიღების მწირი შესაძლებლობები გაქვს. ამიტომ „აგროსფეროს“ პროგრამა, რომელიც სტაჟირებასაც ითვალისწინებს, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადმოტანის საშუალებას გვაძლევს, რაც უდიდესი დახმარებაა სტუდენტისთვის.

როდის დაინტერესდით სოფლის მეურნეობის დარგით?

ძალიან მიყვარდა ბუნებაში ყოფნა, ლაშქრობებზე სიარული, ამასთან ერთად, მიზიდავდა საბუნებისმეტყველო საგნები. ვხვდებოდი, რომ საოფისე საქმიანობა ჩემი არ იყო და მინდოდა, მაქსიმალურად ვყოფილიყავი დაკავშირებული ბუნებასთან. პროფესიის არჩევაც ჩემმა ინტერესებმა განაპირობა.

როგორ ფიქრობთ, რა არის აგრომეურნეობის მთავარი გამოწვევა დღეს საქართველოში?

ვფიქრობ, ძალიან დიდი პერსპექტივა გვაქვს, რადგან საქართველოში თითქმის ყველა ტიპის ნიადაგს იპოვი. შესაბამისად, მრავალი აგროპროდუქტის წარმოებაა შესაძლებელი. თუმცა იმისათვის, რომ აგრომეურნეობა განვითარდეს, საჭიროა გამოცდილება, ცოდნა და ფინანსები.

მარიამ, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

სანამ მექანიკის ინჟინერიის პროგრამაზე გადავიდოდი, აგრონომიას ვსწავლობდი. ამიტომ მინდა, რომ აქამდე მიღებული ცოდნა არ დაიკარგოს და მაქსიმალურად დავუკავშირო ეს ორი სპეციალობა ერთმანეთს. ასევე, დიდი სურვილი მაქვს, ვიმუშაო გარემოს დაცვის კუთხით და საინჟინრო ტექნოლოგიებისა და მიდგომების დანერგვით, ამ მიმართულების განვითარებაში შევიტანო წვლილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები