მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იმისთვის, რომ საქართველო ტურიზმის სტატუს-კვოს მქონე ქვეყანა იყოს, მთავრობამ რუსეთთან სავიზო მიმოსვლა უნდა შემოიღოს“ – Caucasus Travel

64ad4bde99704
სალომე ხიდურელი
11.07.23 23:00
2446
2023 წლის მეორე ნახევრის ტურისტულ მოლოდინებზე BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ ტურისტული კომპანია Caucasus Travel-ის დამფუძნებელი საბა კიკნაძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დიდი შანსია, წლის მეორე ნახევრის ტურისტული აქტივობა პირველ 6 თვეს ჩამორჩეს.

„ტურისტულ კომპანიებზე დაყრდნობით, წლის პირველ ნახევარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტების 30%-იანი მატება ფიქსირდება. თუმცა ეს 2019 წელთან, როდესაც ვიზიტორთა რაოდენობა პიკს აღწევდა, იგივე მონაცემი არ გვაქვს. 2019 წელთან შედარებით ტურიზმი ჯერჯერობით 30-35%-ით აღდგა.

"ჩვენ განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყნებზე ვმუშაობთ, საიდანაც შარშანდელმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მაღალი მოლოდინები არ მართლდება. შარშან ბიზნესის 40-45%-იან აღდგენას ველოდით და 20-25%-ით აღდგა, წელს უკვე აღარ გვაქვს ასეთი მოლოდინები და 35%-იან აღდგენას უჩანს პირი, მხოლოდ წლის პირველ ნახევარში. მეორე ნახევარი გაცილებით საეჭვოა. შარშანდელ პერიოდს თუ შევადარებთ, უფრო მეტი დაკვეთა და მოთხოვნა იყო“, - ამბობს საბა კიკნაძე.

კიკნაძის განმარტებით, იმისათვის, რომ ქვეყანამ ტურისტული აქტივობის ზრდა წლის მეორე ნახევარშიც შეინარჩუნოს, სამი დამაბრკოლებელი ფაქტორი არსებობს და სამივე რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება.

„კოვიდს თავი დავანებოთ, ყველამ ვიცით, რომ პოსტკოვიდურ პერიოდში ვიმყოფებით და ბიზნესისთვის უკან დაბრუნება რთულია. მაგრამ ჩვენ დამატებით სამი ტიპის შეფერხება გვაქვს რუსეთიდან: 1. ომი უკრაინაში; 2. ომს გამოქცეული რუსეთის მოქალაქეები, რომლებმაც, ფაქტობრივად, გადაავსეს საქართველო და რის გამოც, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ბევრი ჩვენი მომხმარებელი აქ ჩამოსვლას ერიდება; 3. კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების გავლენა“, - თქვა მან.

წამყვანის კითხვაზე, რა უნდა გააკეთოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, რომ საქართველოში გაიზარდოს ტურისტული აქტივობა, Caucasus Travel-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ აუცილებელია რუსეთთან სავიზო მიმოსვლის დაწესება.

„იმისთვის, რომ საქართველო გაისად მაინც იყოს ტურიზმის სტატუს-კვოს მქონე ქვეყანა, მთავრობამ და ტურიზმის ადმინისტრაციამ რუსეთთან სავიზო მიმოსვლა უნდა შემოიღოს იმიტომ, რომ ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. განუსაზღვრელი, დომინანტური რაოდენობით არიან და სივრცე მიაქვთ, რესტორნები გადატვირთულია, ამის გამო ბევრი იკავებს თავს აქ ჩამოსვლისგან“, - ამბობს საბა კიკნაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები