მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"იმპორტირებული ავტომობილების 60% საქართველოშივე იყიდება. გამოდის, რომ ეს 60% ბიზნესს ეთიშება" - გიორგი წურწუმია

ავტოიმპორტი

"ბიზნესმენი იქნება თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, ამ კანონის ძალაში მოსვლის შემდეგ, მთლიანად ერი იზარალებს" - ასე აფასებს ავტოიმპორტიორი, CG Luxury Autos-სა და American Auto Sale-ის დამფუძნებელი გიორგი წურწუმია "ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც მსუბუქ ავტომობილებზე, განსაკუთრებით 6 წელზე მეტი ასაკის მანქანებზე აქციზის მნიშვნელოვან ზრდას ითვალისწინებს.

როგორც მან "საქმიანი დილას" ეთერში აღნიშნა, თუ სახელმწიფოს მიზანი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა, აქცენტი კატალიზატორების რეალიზაციის აკრძალვასა და ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე უნდა გაკეთდეს, რადგან მხოლოდ იმპორტის შეზღუდვა ქალაქის განტვირთვისთვის საკმარისი არ იქნება.

"როდესაც სახელმწიფოს კანონი შემოაქვს, უნდა ჰქონდეს თავისი ლოგიკური ახსნა და მოტივი. ვიცით ყველამ, რომ მიზანია, განიმუხტოს დედაქალაქის ქუჩები და შემცირდეს მანქანების იმპორტი, ეკოლოგიისთვის. მაგრამ ჩემი აზრი ასეთია: ეკოლოგიისთვის, პირველ რიგში, კატალიზატორების მოხსნას და მის ასე თავისუფლად რეალიზაციას აღვკვეთდი, როგორიც ახლა ხდება საქართველოში. მაგრამ ჩემი აზრით, ეს რომ ეკოლოგიაზე აისახოს, რამდენიმე ათწლეული დასჭირდება. ამას არ ეყოფა არც 10 და არც შემდეგი 20 წელი, იმიტომ რომ ძველი მანქანები აღარ შემოვა, გასაგებია, მაგრამ ნახევარ მილიონზე ავტომობილი უკვე დადის საქართველოში.

ჩემი აზრით, უნდა აშენდეს ხიდები. ბევრი მოქალაქე გვყავს ამერიკაში და ევროპაში, ყველამ ვიცით, რა ხდება, როგორ არის განტვირთული ქალაქის ქუჩები - შენდება ხიდები, ებმება ერთმანეთს გზატკეცილები და ჩემი აზრით, მხოლოდ მხოლოდ ეს არის საშუალება, რომ განიმუხტოს საცობები", - ამბობს გიორგი წურწუმია.

ბიზნესმენი აქციზის განაკვეთის ზრდის სოციალურ და ეკონომიკურ რისკებზე ამახვილებს ყურადღებას. წურწუმიას შეფასებით, მაღალი ტარიფები ავტომობილს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ხელმიუწვდომელს გახდის, რაც პირდაპირ დარტყმას მიაყენებს ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ბიზნესსექტორს.

"ფაქტობრივად არ არსებობს ალტერნატიული გზები ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ როგორც ბიზნესი, ასევე მოსახლეობა აღარ იფიქრებს, რომ მანქანები ჩამოიყვანოს. ტარიფები იმდენად გაიზრდება, რომ ახალგაზრდა სტუდენტისთვის ან სოფელში გლეხისთვის მანქანაზე ფიქრს უკვე აზრი აღარ ექნება. ასე რომ, ძალიან ნეგატიურად აისახება ეს ჩვენს ერზე. ეს არის ალბათ რიგით მეორე ბიზნესი საქართველოში, უძრავი ქონების შემდეგ, სადაც უდიდესი ფული ტრიალებს და ეს უკვე იზღუდება. მე ვფიქრობ, რომ პირიქით, ამ ბიზნესს ხელი უნდა შეეწყოს და არა შემზღუდველი კანონები მივიღოთ", - ამბობს ავტოიმპორტიორი.

ავტოიმპორტის სექტორში არსებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით, გიორგი წურწუმია აღნიშნავს, რომ მხოლოდ რეექსპორტზე ორიენტირება ბიზნესისთვის მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული. მისი თქმით, იმპორტირებული ავტომობილების 60%-ზე მეტი სწორედ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ახალი რეგულაციებით კი მომხმარებელთა ეს მნიშვნელოვანი სეგმენტი ბაზარს ფაქტობრივად გამოეთიშება.

"საქართველოში მოქალაქე ვეღარ ჩამოიყვანს ამერიკიდან ავტომობილს და ვეღარ განაბაჟებს ამ ტარიფებით, უბრალოდ ამდენი საშუალება ფიზიკურად არ ექნება. უნდა იყიდოს ისევ ადგილობრივი მანქანა და შემდეგ შეაკეთოს ის.

ბიზნესს არ დაეხმარება, რომ რეექსპორტზე იყოს გათვლა ყოველთვის. იმდენად დიდი რისკებია მეორადი ავტომანქანის ჩამოყვანაში, მერე იმის გაკეთებაში და რეალიზაციაში, რომ საქართველოს მოქალაქეზე თუ არ გათვალე მისი გაყიდვა, ფაქტობრივად ჯობია, რომ უკვე აღარ ჩამოიყვანო. მე რომ შევუკვეთო მანქანა რეექსპორტისთვის, უნდა დაველოდო უკვე როდის შემოვა საზღვარგარეთის მოქალაქე და როდის შეუკვეთავს მას. სტატისტიკით, იმპორტირებული მანქანების 60% და მეტი საქართველოს მოქალაქეებზე იყიდება და ახლა უკვე ეს 60% ფაქტობრივად ეთიშება ამ ბიზნესს", - აცხადებს გიორგი წურწუმია.

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის მნიშვნელოვან ზრდას ითვალისწინებს. ძვირდება 6 წელზე ნაკლები ასაკის ავტომობილების განბაჟებაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები