მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმპორტირებული წითელი ხიზილალა დაახლოებით 150%-ით გაძვირდა...₾500-600-ის ფარგლებშია“ - დადიანიძე

ხიზილალა

იმპორტირებული წითელი ხიზილალის ფასი საქართველოში, გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით 150%-ით გაიზარდა. ამის შესახებ BM.GE-ს თევზისა და ზღვის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ხიზილალა თევზის სახლიდან“ თანადამფუძნებელმა ალექსანდრე დადიანიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, იმპორტირებული პროდუქტის გაძვირების ფონზე ადგილობრივი წარმოების წითელი ხიზილალა მომხმარებელს მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეუძლია შესთავაზოს. დადიანიძის შეფასებით, ქართული პროდუქტი ხარისხით იმპორტირებულს არ ჩამოუვარდება.

„იმპორტირებული წითელი ხიზილალა წელს დაახლოებით 150%-ით არის გაძვირებული და, შესაბამისად, იმპორტი თავისთავად შემცირდება. ზოგადად, ქართული ხიზილალა არაფრით ჩამოუვარდება უცხოურს, მერწმუნეთ. წელს ერთი კილოგრამი ადგილობრივი წითელი ხიზილალის ფასი დაახლოებით 180 ლარი იქნება, უცხოურის ფასი კი უკვე 500-600 ლარის ფარგლებშია“, - აცხადებს ალექსანდრე დადიანიძე.

კომპანიის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს შავი ხიზილალის მოსავალიც კარგი ხარისხით გამოირჩევა, რაც ამ მიმართულებით კომპანიის პოზიციონირებას უწყობს ხელს.

რაც შეეხება წითელი ხიზილალის წარმოებას, დადიანიძის განმარტებით, სეზონი დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო და მარტის ბოლომდე გაგრძელდება. შესაბამისად, წარმოების საბოლოო მოცულობებზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია.

„წითელი ხიზილალის სეზონი ახლა იწყება, დაახლოებით ერთი კვირაა, რაც დაიწყო. ეს პროცესი, როგორც წესი, მარტის ბოლომდე გრძელდება. რაც შეეხება შავ ხიზილალას, წელს კარგი მოსავალი გვაქვს, განსაკუთრებით ხარისხის თვალსაზრისით“, - აღნიშნავს ის.

ცნობისთვის, „ხიზილალა თევზის სახლიდან“ გორის რაიონში ორ თევზსაშენ მეურნეობას 20 წელზე მეტია მართავს და დაახლოებით 50 სახეობის თევზის პროდუქტს აწარმოებს. სულ მალე "ქართული ხიზილალას" თევზის მარკეტი თბილისში, საბურთალოზე გაიხსნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები