საქართველოს მთავრობა ამზადებს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ იმ ცვლილებებს, რომლის შედეგადაც სამშენებლო პროცესებსა და მომეტებული ტექნიკური საფრთხის მქონე ობიექტებზე ჯარიმები ორმაგდება, რიგ შემთხვევაში კი ოთხმაგდება.
მომეტებული ტექნიკური საფრთხის მქონე ობიექტებია: ლიფტები, ესკალატორები, ამწეები, გამოქვაბულები/მღვიმეები და სხვა.
უსაფრთხოების წესების დარღვევაზე და ავარიის დამალვასა და დაგვიანებულ შეტყობინებაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. განმარტებითი ბარათში წერია, რომ მიზანია, ოპერატორებმა პასუხისმგებლობა არადეკლარირებად რისკებად აღარ აქციონ.
უსაფრთხოების წესების დარღვევის ინსტიტუციური მიზეზი, როგორც მთავრობა განმარტავს, არის ის, რომ მოქმედი სანქციები „არასაკმარისი“ აღმოჩნდა და ვერ უზრუნველყოფდა მაღალი რისკის ობიექტების სათანადო კონტროლს.
კანონპროექტი აუქმებს პრაქტიკას, როდესაც ერთსა და იმავე დარღვევაზე ჯარიმის ოდენობა ტერიტორიიდან გამომდინარე განსხვავდებოდა (თბილისი, სოფელი, რეკრეაციული ზონა, ტყე და სხვ.).
სანქციას განსაზღვრავს მხოლოდ დარღვევის ტიპი. ჯარიმა დგინდება ერთიანი, მაქსიმალური ოდენობით, რიგ შემთხვევებში ჯარიმა 20 000 ლარიდან 50 000 ლარამდე იზრდება.
ასევე მკაცრდება სანქციები უნებართვო მშენებლობაზე:
- სახელმწიფო/მუნიციპალიტეტის მიწაზე – ჯარიმა იზრდება 25 000 ლარამდე,
- კერძო საკუთრებაზე – 8 000 ლარამდე.
თუ საქართველოს მთავრობის სამართლებრივ აქტში პირდაპირ არის მითითება, სტანდარტის შესრულება ხდება სავალდებულო, მათ შორის მშენებლობის ნებართვების პროცესშიც (ევროკოდებისა და ეროვნული დანართების დანერგვით).
კოდექსში ემატება ახალი თავი (III¹), რომელიც აწესრიგებს:
- ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილებებს,
- შემოწმების ახალ წესებს,
- ეკონომიკური ოპერატორების ვალდებულებებს,
- პროდუქტის ბაზრიდან ამოღებას/გამოთხოვას,
- ადმინისტრაციული საქმის წარმოებას.
ამასთან, პროდუქტის განადგურება დამოუკიდებელი სანქცია აღარ იქნება. ის განხორციელდება მხოლოდ ბაზრიდან ამოღების ან გამოთხოვის გადაწყვეტილების საფუძველზე.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, შემოსავლების სამსახურისა და ზედამხედველობის სააგენტოს შორის შემოდის გაფართოებული ინფორმაციის გაცვლის სისტემა, რაც იმპორტირებულ პროდუქტებზე კონტროლის გამკაცრებას ემსახურება.
კანონი უმეტეს ნაწილში გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში, სტანდარტებთან დაკავშირებული ცვლილებები 2026 წლის 1 ივნისიდან, რათა ბიზნესს ადაპტაციის დრო მიეცეს.

























