მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდივიდუალური დაცვის საშუალებების წარმოების სტანდარტი არ არსებობს - doctor goods

63f4dd265a693
ანუკა ჯოხაძე
25.02.23 22:58
825
პარლამენტში კერძო და საჯარო დიალოგის ფარგლებში სამშენებლო მასალებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებმა დარგში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

როგორც კომპანია დოქტორ გუდსის დირექტორი აცხადებს, დღეს ქართულ ბაზარზე ოპერირება ადგილობრივ მწარმოებლებს, რომლებიც აქცენტს ხარისხზე აკეთებენ, აღარ უღირთ.

მისი თქმით, ამის მიზეზი შესაბამისი სტანდარტების არ არსებობაა, რის გამოც მათ კონკურენციაში სხვა მწარმოებლებთან შესვლა უჭირთ.

მამუკა ხადური ამბობს, რომ სახელმწიფომ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მწარმოებლებისთვის ერთგვარი რეგულირების ჩარჩო უნდა შემოიღოს, რადგან ბაზარზე არსებული უხარისხო პროდუქცია, რომელსაც სამედიცინო სექტორი იყენებს უკვე დიდ რისკებს ქმნის.

“ხარისხიანი და უხარისხო პროდუქციის მწარმოებლები არიან არათანაბარ პირობებში. ხარისხიანი პროდუქციის წარმოება ძვირია, საოპერაციო ხარჯი დიდია. უხარისხო პროდუქციას უფრო დაბალი ფასი აქვს, რის გამოც კონკურენცია შეუძლებელია. არ არსებობს არანაირი სტანდარტი როგორც სახელმწიფო შესყიდვებში, ისე კერძო სექტორს ხარისხი არ აინტერესებს, ეს არის მთავარი გამოწვევა.

უნდა შევთანხმდეთ, რომ ან გვაქვს წესები და მივყვებით სტანდარტს და მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტი, ან არ გვაქვს სტანდარტი. შესაბამისად, სექტორი მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, საქართველოს ბაზარი არის საინტერესო თუ არა.

წარმოიდგინეთ პაციენტის ჭრილობის არეს შემოფარგვლა ხდება პროდუქტით, რომელზეც არ არის არანაირი ინფექციური კონტროლი, მტვრის კონტროლი, არ არის მყარი ნაწილაკების კონტროლი. როგორც მინიმუმ ეს არის პერიტონიტი ჩვენი ექიმების გამოსავალი არის ბევრი ანტიბიოტიკის მიცემა, იმის იმედით, რომ პაციენტი გამოძვრება. ასეთი მიდგომა გვაქვს.”-აცხადებს კომპანია დოქტორ გუდსის დირექტორი მამუკა ხადური.

ცნობისთვის, კომპანია „დოქტორ გუდსი“ ჰუალინგის სამრეწველო ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე მდებარეობს. კომპანია სამედიცინო სახარჯ მასალებს 2019 წლიდან აწარმოებს. მამუკა ხადურის თქმით, გაყიდვების 70% საქართველოზე, 30% კი ევროპის ბაზრებზე მოდის. მისი თქმით, ყველაზე დიდი რაოდენობით „დოქტორ გუდსი“-ის პროდუქცია იტალიაში, ინგლისსა და ესპანეთში იყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები