მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინდივიდუალური მაინინგი სულ უფრო ნაკლებად რენტაბელური ხდება - დავით კიზირია

დავით კიზირია

ინდივიდუალური მაინინგი უფრო და უფრო ნაკლებად რენტაბელური ხდება - ამის შესახებ BMG-სთან ციფრული ტრანსფორმაციის ექსპერტი დავით კიზირია აცხადებს.

მისი განმარტებით, მაინინგის ეკონომიკური ეფექტიანობა სამ ძირითად კომპონენტზეა დამოკიდებული: ელექტროენერგიის ფასი, გამოთვლითი სიმძლავრე და ოპერაციული ხარჯები. 2024 წელი კი, ამ ინდუსტრიისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა.

„2024 წელს მკვეთრად გაიზარდა ე.წ. ჰეშრეითი - ჯამური გამოთვლითი სიმძლავრე, შესაბამისად, მოპოვების სირთულე ძალიან გაიზარდა. იმაზე, თუ რას გამოიმუშავებთ თითოეულ ე.წ. მეშერზე, გავლენას ახდენს თავად კრიპტო აქტივის ფასი, რომელსაც უნდა გამოვაკლოთ ხარჯები,“ - აცხადებს კიზირია.

მისივე თქმით, თუ ადრე მაინერი სახლის პირობებშიც ახერხებდა მოგების გენერირებას, დღეს სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია - ელექტროენერგიის ბაზრის დერეგულაციამ და ტარიფების მატებამ ინდივიდუალური მაინერები მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა.

„ჩვენს შემთხვევაში, ელექტროენერგიის დერეგულაცია მოხდა და ტარიფები გაიზარდა. ინდივიდუალური მაინინგი უფრო და უფრო ნაკლებად რენტაბელური ხდება. მოგებიანი არის მხოლოდ ის მაინერები, რომლებიც სპეციალურ ინდუსტრიულ ეკონომიკურ ზონებში არიან, სადაც სატარიფო შეღავათები მოქმედებს. სხვა შემთხვევაში, ხდება ან სხვა ტოკენზე გადაწყობა, ან საერთოდ საქმიანობის შეწყვეტა.“

დავით კიზირია განმარტავს, რომ საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას იმ რეგიონებში, სადაც ელექტროენერგიის მოხმარება არ კონტროლდება ან სუბსიდირებულია.

„მესტიის მუნიციპალიტეტი დაახლოებით სამჯერ მეტ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე ანალოგიური მასშტაბის სხვა მუნიციპალიტეტები. თუმცა ბუნებრივია, ადამიანი მოქმედებს ეკონომიკური სარგებლიდან გამომდინარე. 2024 წელს მაინინგის აპარატურის იმპორტი საქართველოში რამდენჯერმე გაიზარდა და გადააჭარბა წინა ხუთი წლის მაჩვენებელს, რაც აჩვენებს, რომ მოსახლეობისთვის ეს საქმიანობა უფასო დენის პირობებში კვლავ ინტერესის საგანი იყო.

სემეკის მონაცემებით, საქართველოში მხოლოდ ინდუსტრიული მაინერების წილი ენერგომოხმარებაში 5%-ს უახლოვდება, რაც ორჯერ აღემატება ისეთი ქვეყნის მაჩვენებელს, როგორიცაა აშშ. აშშ-ში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2%-ია. ჩვენთან კი, რადგან გენერაციის 80% ჰესებზე მოდის, სეზონურობის გამო ზამთარში დენის იმპორტი გვიწევს, რაც დამატებით გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ რისკებს აჩენს. საბოლოო ჯამში, ამ ტვირთს თითოეული მოქალაქე საკუთარი ჯიბიდან იხდის ტარიფების მატების სახით“ - აცხადებს დავით კიზირია.

მისივე შეფასებით, გამოსავალი ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციაშია - მხოლოდ კრიპტოვალუტის მოპოვება „ნედლეულის ექსპორტის“ ტოლფასია და ქვეყანას გრძელვადიან სარგებელს არ მოუტანს.

„ტენდენცია ისეთია, რომ დატა ცენტრები ცდილობენ კრიპტოდან ხელოვნურ ინტელექტზე ან სხვა მაღალტექნოლოგიურ გამოთვლით აქტივობებზე გადაერთონ. მთავრობამ უნდა შექმნას გონივრული პოლიტიკა, რომ მაინინგის დემონიზება კი არ მოხდეს, არამედ ხელი შეუწყოს ისეთი ინვესტიციების შემოსვლას, რომლებიც შექმნიან დამატებით ღირებულებას და არა მხოლოდ ენერგიის წვას.“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები