16 აგვისტოს, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ინდოეთიდან ინფლუენსერებსა და ტურისტული კომპანიის Think Strawberries წარმომადგენლებს უმასპინძლა.
აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ადმინისტრაცია აზიურ ბაზარს პრიორიტეტად განიხილავს და კონკრეტულად ინდოეთიდან ტურისტების მოსაზიდად კონტრაქტებიც გააფორმა. კერძოდ, მიმდინარე წლის ივნისში ინდურ ბაზარზე ტურიზმის მარკეტინგის წარმართვისთვის 407 ათას დოლარად კომპანია THINKSTRAWBERRIES LUXURY TRAVEL MARKETING PVT-ი დაიქირავა. ამასთან, ინდოეთიდან საქორწილო ტურიზმის წახალისების მიზნით კომპანია Vivaah Wedding Parties Organizing LLC-სთან 100,800-დოლარიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
BM.GE გთავაზობთ ოფიციალურ სტატისტიკას, რომელიც აჩვენებს, რომ პანდემიის დროს, 2020 წელს კლების შემდეგ, 2021 წლიდან ინდოეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები მზარდია და გასულ წელს რეკორდულ 124 335-ს მიაღწია.
მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოში ინდოელი ვიზიტორების 75 893 ვიზიტი დაფიქსირდა, რაც წლიურად 31.4%-იანი ზრდაა და ამ მაჩვენებლით ინდოეთი მეექვსე ადგილზეა TOP ქვეყნების სტატისტიკაში.
ინდოელი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები

მიუხედავად ვიზიტების მაღალი რაოდენობისა, აზიური ბაზრები ტურიზმიდან შემოსავლების ძირითადი კონტრიბუტორების TOP 10-ში ვერ ხვდება. ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 1.97 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8%-ით არის გაზრდილი. შემოსავლების მიხედვით მეზობელი ქვეყნები და ევროკავშირი ლიდერობს, ასევე მაღალმხარჯველი ვიზიტორები ჰყავს საქართველოს ისრაელიდან.
2025 წლის პირველ ნახევარში ტურიზმის შემოსავლები ქვეყნების მიხედვით:
| # | ქვეყანა | ტურიზმის მთლიანი შემოსავალი | ვიზიტორთა რაოდენობა | ერთი ვიზიტის დანახარჯი |
| 1 | რუსეთი | $308 მილიონი დოლარი; | 581,099 ვიზიტი; | $530 |
| 2 | ევროკავშირი | $277 მილიონი დოლარი; | 201,986 ვიზიტი; | $1,371 |
| 3 | თურქეთი | $259 მილიონი დოლარი; | 533,614 ვიზიტი; | $484 |
| 4 | ისრაელი | $242 მილიონი დოლარი; | 171,294 ვიზიტი; | $1,412 |
| 5 | აზერბაიჯანი | $103 მილიონი დოლარი; | 135,248 ვიზიტი; | $759 |
| 6 | უკრაინა | $70 მილიონი დოლარი; | 56,461 ვიზიტი; | $1,231 |
| 7 | სომხეთი | $66 მილიონი დოლარი; | 390,788 ვიზიტი; | $169 |
| 8 | ირანი | $57 მილიონი დოლარი; | 57,292 ვიზიტი; | $986 |
| 9 | საუდის არაბეთი | $39 მილიონი დოლარი; | 26,910 ვიზიტი; | $1,442 |
| 10 | ბელარუსი | $36 მილიონი დოლარი. | 46,248 ვიზიტი; | $774 |




























