ინდური მედიის ინფორმაციით, ოფიციალური ნიუ დელი აქტიურ მოლაპარაკებებშია ბრაზილიასთან, კანადასთან, საფრანგეთთან და ნიდერლანდებთან, რათა კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების, მათ შორის, ლითიუმისა და სხვა მეტალების მოპოვებაზე ერთობლივი მუშაობა დაიწყოს.
არსებული ინფორმაციით, ამ მოლაპარაკებებს ინდოეთის სამთო მოპოვების სამინისტრო ხელმძღვანელობს და მისი მიზანი ისეთი დამოუკიდებელი ალიანსის შექმნაა, რომელიც ჩინეთის გვერდის ავლით შეძლებს იშვიათი მეტალების მოპოვება-გადამუშავებას.
როგორც ირკვევა, ოფიციალური ნიუ დელი იმ შეთანხმების პრინციპით იხელმძღვანელებს, რომელიც გერმანიასთან იანვრის თვეში დაიდო და ძირითად დებულებას მოიცავს.
ერთი, რომ ხელმომწერები მესამე ქვეყნებში მოპოვებისა და გადამუშავების პროექტებს ერთობლივად დააფინანსებენ და განავითარებენ. მეორე კი არის ის, რომ მოკავშირე სახელმწიფოები ძვირფასი მეტალებით ერთმანეთთან შეღავათიან ფასად ივაჭრებენ. პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ამ ნაბიჯით ინდოეთს დივერსიფიკაციის პროცესის დაჩქარება და შიდა ინდუსტრიული მოთხოვნის დაკმაყოფილება სურს. ოფიციალურ ნიუ დელიში აცხადებენ, რომ ახალი სტრატეგიული პარტნიორობების გაფორმება გააძლიერებს ინდოეთის პოზიციებს გლობალურ ბაზრებზე და ხელს შეუწყობს ჩინეთზე დამოკიდებულის შემცირებას.
მაღალი ალბათობით, პირველი სახელმწიფო, რომელთანაც დაანონსებული გეგმის ფარგლები ინდოეთი შეთანხმებას გააფორმებს, ეს კანადა იქნება, რადგან მარტის თვეში ქვეყანას პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი სახელმწიფო ვიზიტით ეწვევა. პარალელურად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს იშვიათი მეტალებით უმდიდრეს სამხრეთამერიკულ სახელმწიფოებთან, პერუსა და ჩილესთან. აღსანიშნავია, რომ ინდოეთი არ არის ერთადერთი მხარე, რომელიც ჩინეთისაგან დივერსიფიცირებას და მიწოდების ჯაჭვების ახალი ქსელის შექმნას ცდილობს. როგორც ცნობილია, ამ კუთხით აქტიური მუშაობა აქვს დაწყებული დიდ შვიდეულსაც, რა განსაკუთრებით ამერიკის პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერით ხორციელდება.




























