ინდოეთი რუპიის ციფრული ვერსიის გამოშვებას გეგმავს, ამ ნაბიჯით ის გახდება ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა, რომელიც ვირტუალური ვალუტების შექმნას იწყებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ინდოეთის ფინანსთა მინისტრის ნირმალა სითჰარამანის განცხადებით, ქვეყნის ცენტრალური ბანკი ელოდება ვალუტის „ბლოკჩეინით და სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით“ შემოღებას ახალ ფისკალურ წელს, რომელიც აპრილში იწყება.
პარლამენტში ინდოეთის წლიური ბიუჯეტის წარდგენისას, ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ციფრული რუპია „ციფრულ ეკონომიკას დიდ სტიმულს მისცემს“, თუმცა მინისტრს არ დაუკონკრეტებია, დასაწყისში რამდენად ფართოდ იგეგმება ციფრული რუპიის გამოყენება ან რა გავლენა ექნება მას.
საგულისხმოა, რომ 2016 წლიდან ინდოეთში ციფრულმა გადახდებმა მკვეთრად იმატა, ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ რუპიის ორი უდიდესი ბანკნოტის გამოყენება აკრძალა. ფულის გაციფრულების ტენდენციას ხელი შეუწყო იმანაც, რომ მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიები და, მათ შორის, Google და Facebook, ქვეყანაში უნაღდო გადახდების ტენდენციას შეუერთდა.
საინტერესო ისაა, რომ ინდოეთი ჯერ კრიპტოვალუტის აკრძალვის მომხრე იყო, შემდეგ - წლების განმავლობაში გამოხატავდა შეშფოთებას კრიპტოვალუტების და ციფრული აქტივების მიმართ და მათი რეგულირებისთვის საუკეთესო გზებსაც ეძიებდა. ქვეყნის ცენტრალურ ბანკში ხშირად გამოთქვამდნენ შეშფოთებას, რომ „კრიპტოვალუტები შეიძლება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დასაფინანსებლად იქნას გამოყენებული“. თუმცა, როგორც ჩანს, დღეს ინდოეთის ხელისუფლება მზადაა, გააგრძელოს კრიპტო ვაჭრობის დაშვება - გარკვეული რეგულაციებით: პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ინდოეთის მთავრობა ვირტუალური ციფრული აქტივების შემოსავალზე 30%-იან გადასახადს დააწესებს.
ინფორმაციისთვის, ინდოელებისთვის ვირტუალური ფული პანდემიის დაწყებიდან გახდა მიმზიდველი. იმის მიუხედავად, რომ მთავრობა არ იკვლევს, კრიპტოვალუტით ოფიციალურად რამდენი ადამიანი ვაჭრობს, ინდუსტრიის ექსპერტებზე დაყრდნობით, საერთაშორისო მედია წერს, რომ ქვეყანაში შესაძლოა 20 მილიონი კრიპტო ინვესტორი იყოს.