მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთი რუსულ ნავთობს ნაწილობრივ ვენესუელურით ჩაანაცვლებს - ტრამპი

დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ინდოეთი ვენესუელური ნავთობის შეძენას აქტიურად დაიწყებს და, სანაცვლოდ, რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტს შეამცირებს.

შტატების ლიდერის თქმით, გარიგების მონახაზი უკვე შექმნილია და მის ასამოქმედებლად მხოლოდ მხარეების საბოლოო თანხმობაა საჭირო. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ინდოეთმა ვენესუელური წიაღისეული საწვავის შესყიდვა სწორედ მას შემდეგ შეაჩერა, რაც აშშ ოფიციალურ კარაკასთან ნავთობის მოვაჭრე ყველა ქვეყანას სანქციებით დაემუქრა. სავარაუდოა, რომ საწყის ეტაპზე ვენესუელასა და ინდოეთს შორის შუამავლის როლს აშშ მოირგებს და სწორედ ის განსაზღვრავს, თუ რა ფასად და რა რაოდენობით შეისყიდიან ინდური ნავთობგადამმუშავებლები ვენესუელურ ნავთობს.

ცნობისთვის, ინდოეთი ნავთობის მე-3 უმსხვილესი იმპორტიორი სახელმწიფოა, რომელიც წიაღისეულ საწვავს წლების განმავლობაში საკმაოდ დივერსიფიცირებულად იღებდა. მისი პარტნიორები არამარტო რუსეთი, არამედ ირანი, ვენესუელა და ამერიკის შეერთებული შტატებიც იყვნენ. 2019 წლის შემდეგ ოფიციალურ ნიუ დელის ირანულ წიაღისეულ საწვავზე უარის თქმა, სანქციების საფრთხის გამო მოუწია. იგივე მიზეზით შეწყვიტა იმპორტი გასულ წელს ვენესუელადან, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგაც კი უარი არ უთქვამს რუსულ სანქცირებულ ნავთობზე, რომელსაც ქვეყანა საკმაოდ დიდი ფასდაკლებით იღებს. ამ უცვლელი მიდგომის გამო, გასული წლის აგვისტოში ტრამპმა ინდოეთს სავაჭრო ტარიფები 50%-მდე გაუზარდა. ბოლო მონაცემებით, ოფიციალურმა ნიუ დელიმ რუსული ნავთობის შესყიდვა დღიურად 500,000 ბარელით შეამცირა. ქვეყნის ნავთობის მინისტრის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზანია, თეთრმა სახლმა სატარიფო პოლიტიკას გადახედოს. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი ნაბიჯის გადადგმისთვის მზაობა აშშ-ის მთავარმა ხაზინადარმა სკოტ ბესენტმა უკვე გამოთქვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები