მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთი vs პაკისტანი – რა უნდა ვიცოდეთ ქაშმირის კონფლიქტის შესახებ?

ქაშმირი

ინდოეთისა და პაკისტანის კონფლიქტი ესკალაციას განაგრძობს. უკვე რამდენიმე დღეა, რაც ეს ორი ბირთვული სახელმწიფო ქაშმირის რეგიონში ერთმანეთს უპირისპირდება და ადგილი აქვს ცეცხლის გახსნას ორივე მხარის მხრიდან.

მართალია, ამ ეტაპზე, კონფლიქტი საგანგაშო ფაზაში არ არის, თუმცა, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, მისი გამწვავების რისკები საკმაოდ მაღალია, რადგან აქ ქვეყნების წარმომადგენლებს ერთმანეთის მიმართ მრავალწლიანი ბრაზი და შურისძიების სურვილი ამოძრავებთ.

სანამ ქაშმირის კონფლიქტის დეტალებს ჩავუღრმავდებით, ორიოდე სიტყვა თავად ამ ქვეყნების შესახებაც უნდა ვთქვათ. ერთ მხარეს გვყავს ინდოეთი, რომელიც 1.5 მილიარდ მოქალაქეს, 1.5 მილიონ ჯარისკაცს, 164 ბირთვულ რაკეტას და 74 მილიარდის სამხედრო ბიუჯეტს აერთიანებს.

პაკისტანის მხარეც არანაკლებ შთამბეჭდავია, იქ 243 მილიონი ადამიანი, 650,000 ჯარისკაცი, 170 ბირთვული ქობინი და $11 მილიარდის სამხედრო ბიუჯეტია წარმოდგენილი.

თუკი ამ ქვეყნებს შორის სრულმასშტაბიანი ომი დაიწყება, მაშინ დაახლოებით ორი მილიონი სამხედროს დაპირისპირებას ვიხილავთ, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელი იქნება - ეს მაჩვენებელი კი სრული მობილიზაციის გარეშე.

ახლა კი, თავად ქაშმირის კონფლიქტს რაც შეეხება. ამ დაპირისპირების შესახებ საუბარი აუცილებლად უნდა დავიწყოთ ისტორიული კონტექსტით. ჯამუ და ქაშმირის რეგიონის სპეციფიკა განპირობებულია გეოპოლიტიკური სტრატეგიული მნიშვნელობითა და რთული ისტორიული წარსულით.
კონფლიქტის თანამედროვე ისტორია იწყება 1947 წლიდან, როდესაც ბრიტანეთის იმპერიის დაყოფით, ინდოეთმა და პაკისტანმა მოიპოვეს დამოუკიდებლობა. რელიგიური ნიშნით დაყოფის დროს, მუსლიმებით დასახლებული ქაშმირის რეგიონი ინდუსი მმართველის, მაჰარაჯას წყალობით, ნეიტრალურად დარჩა და არ შეუერთდა პაკისტანს.

ტერიტორიის ასეთმა გაყოფამ გამოიწვია რიგი უთანხმოებები, რადგან მუსლიმ მოსახლეობას და პაკისტანს სურდათ გაერთიანება, თუმცა ინდოეთი და ქაშმირის მმართველ ელიტა ეწინააღმდეგებოდნენ ხალხის ნებას. ინტერესთა წინააღმდეგობამ გამოიწვია რიგი დაპირისპირებები, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია: 1947, 1965 და 1999 წლების ინდო-პაკისტანის ომები, რომლებიც ქაშმირის რეგიონში მიმდინარე მოვლენებით იყო გამოწვეული.

ქაშმირის კონფლიქტის შემთხვევაში, სამი ტიპის ერთმანეთთან შეუთავსებელ ინტერესთან გვაქვს საქმე, რაც, თავის მხრივ, ართულებს კონფლიქტის მოგვარებას.

პირველ რიგში, ხაზი უნდა გავუსვათ ქაშმირის გეოპოლიტიკურ და ტერიტორიულ მნიშვნელობას - ის ესაზღვრება ჩინეთს, პაკისტანსა და ინდოეთს. ის მდიდარია ბუნებრივი და მინერალური რესურსებით, ამ რესურსებიდან კი ყველაზე მნიშვნელოვანია წყალი. ერთი შეხედვით, ინდოეთისა და პაკისტანის პოზიციები ჰგავს ერთმანეთს, ორივე მათგანს სურს აბსოლუტური კონტროლის მოპოვება ტერიტორიაზე და მისი შემოერთება, თუმცა ინტერესები ერთმანეთისაგან განსხვავებული და საპირისპიროა.

მხარეთა პოზიციები, ძირითადად, რელიგიური არგუმენტებითაა გაჯერებული. პაკისტანი თავისი განზრახვის ლეგიტიმურობას რელიგიური არგუმენტით ხსნის, კერძოდ, ბრიტანეთის იმპერიის მიერ პაკისტანისა და ინდოეთის დაყოფა განპირობებული იყო რელიგიური ნიშნით. ის ტერიტორიები, სადაც მუსლიმი მოსახლეობა შეადგენდა უმრავლესობას, შეუერთდა პაკისტანს. ქაშმირი კი გამონაკლისია და ეს განპირობებული იყო მისი მმართველობით და არც მოსახლეობის რელიგიური განაწილებით. შესაბამისად, პაკისტანს სურს ქაშმირის შემოერთება, ვინაიდან მისი მისიაა მუსლიმი მოსახლეობის დაცვა და გაერთიანება.

ინდოეთი საკუთარი პოზიციების ლეგიტიმურობას დემოკრატიული და სეკულარული პრინციპებით ხსნის. მისი მთავრობის განმარტებით, ქაშმირის მოსახლეობას სურს დემოკრატიულ სახელმწიფოსთან გაერთიანება, სადაც მათი რელიგიური თავისუფლებაცა და ადამიანის უფლებებიც დაცული იქნება. მიუხედავად ამ მტკიცებისა, ინდოეთი პრინციპულად არ ითვალისწინებს ქაშმირელების აზრს, რაც გამოიხატება რეფერენდუმის არ ჩატარებაში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქაშმირის რეგიონი მდიდარია წყლის რესურსებით. პაკისტანი კი გამოირჩევა წყლის სიმწირით, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. მის წყლით მომარაგება უშუალოდ დამოკიდებულია მდინარე ინდის შენაკადებზე, რომელთაგან ოთხი უდიდესი ქაშმირის, კერძოდ, ინდოეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადის. ამის ფონზე, ინდოეთი აქტიურად აშენებს ჰიდროელექტროსადგურებსა და დამბებს მდინარე ინდის შენაკადებზე, რითაც ამცირებს პაკისტანის წყლით მომარაგებას და ახორციელებს პოლიტიკურ ზეწოლას.

როგორც ვხედავთ, პაკისტანისათვის ქაშმირი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ის ვერ დათმობს ისეთ მართვის ბერკეტს, როგორიც წყლის რესურსია. მეორე მხრივ, ინდოეთს არ სურს ამ რეგიონის დაკარგვა, რადგან ეს მოვლენა ნეგატიურად აისახება ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟზე და ის შეასუსტებს მის გავლენას უშუალოდ პაკისტანზე, რომელიც მტრულანდ განწყობილი სახელმწიფოა.

ინდოეთისა და პაკისტანის გარდა, ქაშმირის კონფლიქტში განიხილება მესამე მხარეც - ქაშმირელი მოსახლეობა, რომელიც მეტად არაჰომოგენურია და მათი ნებაცა და ინტერესებიც რეგიონების მიხედვით იცვლება. პირველ რიგში, აქ ვხედავთ: რელიგიურ, ეთნიკურ, კასტურ, ეკონომიკურ და კულტურულ განსხვავებულობებს თავად ქაშმირის მოსახლეობის შიგნით, რაც საერთო აზრის ჩამოყალიბებას შეუძლებელს ხდის. საჯარო გამოკითხვიდან ჩანს, რომ მუსლიმ მოსახლეობას პაკისტანთან გაერთიანება სურს, ხოლო ჰინდუისტებისთვის სასურველია ავტონომიის მოპოვება ან ინდოეთთან დაკავშირება.

კონფლიქტოლოგიის ისტორიიდან ვიცით, რომ არაჰომოგენური საზოგადოება, ხშირად, ართულებს კონფლიქტების მოგვარებას. ქაშმირის შემთხვევაში, ეს იწვევს მოსახლეობაში არაერთგვაროვანი აზრისა და დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, რასაც, თავის მხრივ, შიდა დაპირისპირებამდე მივყავართ.

ქაშმირი მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებიდან ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და რთულად მოსაგვარებელია. გაეროს, ამერიკასა და ჩინეთს ჰქონდათ არაერთი მედიაციის მცდელობა და მათ მნიშვნელოვან შეთანხმებებზეც მიუღწევიათ, თუმცა ყოველი ეს შეთანხმება ემსახურებოდა კონფლიქტის გაყინვას და არა მის მოგვარებას, შესაბამისად, ყოველი ეს მცდელობა უშედეგო იყო.

საქმე ისაა, რომ ქაშმირის კონფლიქტის მოგვარება მოითხოვს სპეციფიკურ და კომპლექსურ სტრატეგიას, რომელიც გაითვალისწინებს ქაშმირელი მოსახლეობის ინტერესებს. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრა საერთოდაც შეუძლებელია, ვინაიდან მხარეთა ინტერესები აბსოლუტურად საწინააღმდეგოა. ექსპერტთა ნაწილის აზრით, ქაშმირის კონფლიქტის ლოგიკური დასასრული იქნება ერთ-ერთი მხარის მიერ გამარჯვების მოპოვება, თუმცა, ამ სახელმწიფოთა ბირთვული არსენალი და სამხედრო ძალა ნაკლებად მოსალოდნელს ხდის მსგავსი ტიპის სცენარის განვითარებას.

საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ქაშმირის რეგიონი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ მილიტარიზებული რეგიონია, სადაც გვხვდებიან: ტერორისტული ორგანიზაციები, ეროვნული არმიები, აჯანყებულთა ჯგუფები, საპროტესტო მოძრაობები და ჩაგრული მოსახლეობა. ამასთან, ქაშმირის საკითხი კონფლიქტოლოგიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთულად გადასაჭრელი პრობლემაა, რომელიც, როგორც ჩანს, ესკალაციის ახალ ფაზაში გადადის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები