მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთის განათლების მინისტრი გამოცდების სკანდალისა და მასშტაბური აქციების გამო გადადგა

პროტესტი ინდოეთში

ინდოეთის განათლების მინისტრმა, დჰარმენდრა პრადჰანმა თანამდებობა მასშტაბური ახალგაზრდული საპროტესტო ტალღის ფონზე დატოვა. როგორც ირკვევა, მისი გადადგომის მთავარი მიზეზი ეროვნული საგამოცდო ტესტების გაჟონვის გარშემო აგორებული სკანდალი გახდა. ამ მოვლენამ მილიონობით სტუდენტის ინტერესები დააზარალა და ათზე მეტი ახალგაზრდა თვითმკვლელობამდე მიიყვანა. საპროტესტო მოძრაობას სათავეში ახლად შექმნილი ახალგაზრდული გაერთიანება Cockroach Janata Party (ტარაკნების სახალხო პარტია) უდგას. ორგანიზაციამ ქვეყნის მასშტაბით მასობრივი დემონსტრაციები მოაწყო და ხელისუფლებისგან პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი უკმაყოფილება პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის მთავრობის თავდაპირველმა უმოქმედობამ კიდევ უფრო გაამწვავა. ხელისუფლებამ განათლების სისტემაში არსებული ხარვეზების მოგვარების პირობა დადო, თუმცა კონკრეტული წინადადება არ წარადგინა. პროტესტის დაწყების შემდეგ ვითარება მალევე დაიძაბა, როცა მშვიდობიანი დემონსტრაციები პოლიციამ ძალის გამოყენებით დაარბია. დელიში, კალკუტასა და მუმბაიში ქუჩაში ასობით ათასი დემონსტრანტი გამოვიდა. როგორც მედია წერს, შექმნილმა კრიზისმა პრემიერ-მინისტრის გუნდი იძულებული გახადა, აქტივისტებთან პირდაპირი დიალოგი დაეწყო. საბოლოოდ, პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად მინისტრის გადადგომა უალტერნატივო მოთხოვნად დასახელდა.

მინისტრმა პრადჰანმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრს უკვე გაუგზავნა და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით გადადგა. პოლიტიკური ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს ნარენდრა მოდის 12-წლიანი მმართველობის განმავლობაში უპრეცედენტო შემთხვევაა. მინისტრთა კაბინეტის წევრმა თანამდებობა ხალხის მასობრივი პროტესტის შედეგად პირველად დატოვა.

საპროტესტო მოძრაობის ლიდერებმა დემონსტრაციების შეწყვეტა უკვე დააანონსეს. თუმცა, პარტიაში განმარტეს, რომ მინისტრის გადადგომა განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმირებისთვის ბრძოლის მხოლოდ დასაწყისია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები