მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი 2-დღიანი ვიზიტით ისრაელს სტუმრობს

ნარენდრა მოდი და ბენიამინ ნეთანიაჰუ

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ისრაელში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ის კოლეგა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან თავდაცვისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში ახალ პარტნიორობაზე იმსჯელებს. ასევე სიტყვით გამოვა საკანონმდებლო ორგანო ქნესეტში.

არსებული ინფორმაციით, ისრაელის ხელისუფლება ოფიციალური ნიუ-დელი სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებას და სამხედრო ექსპორტის მოცულობის მკვეთრად გაზრდას გეგმავს. მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას იმ ფაქტსაც, რომ ბოლო წლებში ინდოეთმა, ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა პაკისტან-საუდის არაბეთ-თურქეთის რეგიონული ალიანსის დაბალანსება აქტიურად დაიწყეს.

სავარაუდოა, რომ სწორედ ამ ღერძის გაძლიერებას ემსახურება ვიზიტი სწორედ იმ დროს, როცა ისრაელი სერიოზული საერთაშორისო გამოწვევების წინაშეა და აშშ-ირანის დაპირისპირების ფონზე კონფლიქტის ერთ-ერთ შესაძლო სამიზნედაც განიხილება.

ცნობისთვის, ისრაელში ინდოეთის მთავრობის მეთაურის პირველი, ისტორიული ვიზიტი 2017 წელს შედგა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ნიუ-დელი ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონფლიქტის პრევენციასა და სტაბილურობის შენარჩუნებას ლობირებს. ლობირებს, რადგან არსებობს ალბათობა, რომ დაპირისპირება სასიცოცხლო საფრთხეს შეუქმნის იმ ათობით ათას ინდოელს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით ცხოვრობენ და მუშაობენ. მიმდინარე დიპლომატიური პროცესი ანალიტიკოსებს უჩენს განცდას, რომ მოდის ვიზიტი არა მხოლოდ მაღალტექნოლოგიური შეიარაღების შესყიდვას, არამედ გლობალური მოთამაშეების დაპირისპირების თავიდან აცილებაზე დათანხმებას ემსახურება. შეგახსენებთ, მარტის თვეში მოდი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლასაც აპირებს და თუ ვითარება იქამდე არ გამწვავდა, სავარაუდოა, რომ სამშვიდობო გზის არჩევისკენ მოდი ამერიკის პრეზიდენტსაც მოუწოდებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები