ინდონეზიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალი მასშტაბური სავაჭრო შეთანხმება დადეს. დოკუმენტს ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ინდონეზიის პრეზიდენტმა პრაბოვო სუბიანტომ მოაწერეს.
მთავარი შედეგი არის ის, რომ აშშ-ის მიერ ინდონეზიურ საქონელზე დაწესებული იმპორტის 32%-იანი გადასახადი 19%-მდე შემცირდება. რაც შეეხება ისეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან პროდუქტებს, როგორებიცაა პალმის ზეთი, ტექსტილი, ყავა და კაკაო, მათზე ტარიფები სრულად გაუქმდება. დადებული გარიგება ძალაში მომდევნო 90 დღის განმავლობაში შევა.
თავის წილ ვალდებულებებს აიღებს ოფიციალური ჯაკარტაც, რომელიც ამერიკულ პროდუქციაზე საკუთარი სატარიფო ბარიერების ეტაპობრივ, სრულ გააუქმებს გულისხმობს. ამასთან, ინდონეზია უსაფრთხოებისა და სამედიცინო ინდუსტრიებში ამერიკულ სტანდარტებზე გადასვლას დაიწყებს, რათა შემდგომ წლებში მხარეებმა ვაჭრობის გაღრმავება კიდევ უფრო შეძლონ. კიდევ ერთი დათმობა უკავშირდება კრიტიკული მინერალების გადასამუშავებელ ქარხნებს. ამ მხრივ, სახელმწიფო უცხოური კომპანიების მიერ ნიკელისა და კობალტის გადამუშავებაზე ზედა ზღვარს დააწესებს, რათა ბაზარზე ამერიკული კომპანიები შევიდნენ და გადამუშავება თავად დაიწყონ.
ინდონეზიური კომპანიებისთვის საკმაოდ რთულად დაწყებული 2026 წლის ფონზე, ეს გარიგება ოფიციალურ ჯაკარტას უჩენს მოლოდინს, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება და ტარიფებით გამოწვეული ზარალი აშშ-სთან თანამშრომლობის გაღრმავებით გადაიფარება. ორ სახელმწიფოს შორის დადებული ახალი სავაჭრო შეთანხმების მიღმა, ამერიკული და ინდონეზიური კომპანიები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთში $38.4 მილიარდის კერძო კორპორაციულ გარიგებებს გააფორმებენ.




























