„რუსთავის აზოტის“ მფლობელი კორპორაცია Indorama რუსთავში ქიმიური მრეწველობის განვითარებაში დამატებით 300 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. როგორც „რუსთავის აზოტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ბურდილაძემ BMG-სთან განაცხადა, დაგეგმილია, ამიაკის წარმადობის გაორმაგება და ახალი საწარმოს მშენებლობა, სადაც ახალი ტიპის აზოტოვანი სასუქის - „კარბამიდის“ წარმოება მოხდება.
“უკვე დაწყებული გაქვს არსებული საწარმოს მოდერნიზაცია/განახლება. მათ შორის საწარმოო სიმძლავრეების გაზრდაზეც არის საუბარი. ასევე საუბარია შრომის პირობების გაუმჯობესებაზე, საამქროების ვიზუალურ მხარეზე, საწარმოს კეთილმოწყობაზე. უკვე დახარჯული რამდენიმე მილიონი დოლარი.
Indorama-ს გეგმაში შედის ახალი საწარმოს მშენებლობა და დამატებითი პროდუქციის გამოშვება, რაც დღეს წარმოებაში არ გაგვაჩნია. საუბარია ამიაკის წარმადობის გაორმაგებაზე, რისი პოტენციალიც არის და დამატებითი ამიაკით სხვა ტიპის აზოტოვანი სასუქის - კარბამიდის წარმოებაზე. Indorama გეგმავს 2 წელიწადში კარბამიდის წარმოებაც გვქონდეს.
ორივე პროექტში - ამიაკის წარმოების გაზრდასა და კარბამიდის ახალი საწარმოს აშენებაში დაახლოებით 250-300 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია ჩაიდება“, - აცხადებს ლევან ბურდილაძე.
„რუსთავის აზოტი“ კავკასიის რეგიონში მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საწარმოს წარმოადგენს. კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრე მიმდინარე წლის იანვარში სინგაპურში ბაზირებული კორპორაცია Indorama გახდა.
Indorama მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონგლომერატია, რომელიც აერთიანებს მინერალური სასუქების, ინდუსტრიული ქიმიკატებისა და სხვადასხვა ქიმიური პროდუქტის მწარმოებელ საწარმოებს. კორპორაცია ფლობს 160-ზე მეტ საწარმოს მსოფლიოს 38 ქვეყანაში, მათ შორის ევროპის, აზიის, აფრიკის, ჩრდილოეთ და ლათინური ამერიკის კონტინენტებზე და დასაქმებული ჰყავს 45 000 ათასზე მეტი ადამიანი.