მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფექციური „ავერსის“ შენობაში, სავარაუდოდ, წელსაც დარჩება - გამყრელიძე და გაბუნია მიზეზებზე

61dd408ed97bb
ვიქტორია მღებრიშვილი
11.01.22 17:45
757
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ახალ შენობაში გადატანა ჯერ ვერ ხერხედება, ხოლო არსებული შენობის მფლობელ კომპანია „ავერსთან“ ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა კლინიკა კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში ამავე შენობაში იყოს განთავსებული. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აღნიშნულ საკითხთან მიმართებით საქმის კურსშია და შიდსის ცენტრის დახურვის საფრთხე არ არსებობს.

„ეს კლინიკა სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ბატონი მინისტრი, მისი უწყებაში ყოფნის პირველივე დღეს ამ პროცესში მონაწილე ყველა მხარეს შეხვდა; მათ შორის ესტუმრა შიდსის ცენტრს და „ავერსის“ ხელმძღვანელობას, რათა შევთანხმდეთ მომავალი წლის ხელშეკრულებაზე. ბუნებრივია, რემონტის საკითხებზე აქტიური მუშაობა მიდის, რათა გარკვეული მიზნებისთვის ამ შენობის ადაპტაცია მოხდეს, წელს ბოლო ვადა იქნება, რომ ინფექციური დაავადებების ცენტრი ახალ შენობაში გადავიდეს და ეს საკითხი დაიხუროს. არავითარი რისკი შიდსის ცენტრის ფუნქციონირებას არ შეექმნება. მიდის მუშაობა, რომ წელს დარჩეს შიდსის ცენტრი იქ, სადაც ის არის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ინფექციურ საავადმყოფოს გადატანის შესახებ ჟურნალისტებმა კითხვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელსაც დაუსვეს, რომელმაც განაცხადა, რომ ინფექციის ცენტრი 2022 წლის ბოლოსთვის ახალ შენობაში გადავა.

„ეს ჩვენი სტრატეგიული საავადმყოფოა და დარწმუნებული ვარ, წელს ამ საკითხს და პრობლემას წერტილი დაესმევა. ინფექციურ საავადმყოფოს საკმაოდ კარგი და კარგად ნაშენები შენობა გადაეცა, იქ გასაკეთებელია რემონტი თანამედროვე ინფექციის კონტროლის ყველა მექანიზმის დასაცავად და დარწმუნებული ვარ, 2022 წლის ბოლოსთვის ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლები ახალ შენობაში შევლენ“, - თქვა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის: 2021 წლის ბოლოს BM.GE-სთან საუბარში "ავერსი ფარმას" გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე ამბობდა, რომ ინფექციურ საავადმყოფოს შენობის დაცლა 2021 წლის ბოლო მოუწევდა, რადგან სამმხრივი ხელშეკრულების ვადა "ავერსი ფარმას", ინფექციურ საავადმყოფოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის 2021 წლის 31 დეკემბერს იწურებოდა.

თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე ინფექციური საავადმყოფოს შენობა 2009 წლიდან კერძო მფლობელობაშია. მისი მესაკუთრე "ავერსი ფარმაა", რომელმაც სახელმწიფოსგან აღნიშნული ტერიტორია 12,5 მილიონ დოლარად 12 წლის წინ შეიძინა, თუმცა მიუხედავად ამისა, მფლობელი არსებულ შენობას ვერ იყენებს.

2020 წლის ზაფხულში ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის შეძენა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაანონსა. მალევა ცნობილი გახდა, რომ 33 მილიონ ლარად დიღომში, ლუბლიანას ქუჩაზე ინფექციური საავდმყოფოსთვის ახალი შენობა იყო შეძენილი, თუმცა ამ დრომდე ადგილზე სარემონტო სამუშაოები არ დაწყებულა, შესაბამისად, ინფექციური საავადმყოფო ფუნქციონირებას ისევ ყაზბეგის გამზირზე განაგრძობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები