მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინფლაციას მხოლოდ გაცვლითი კურსი არ განსაზღვრავს"

5bdc2f33cbc53
BM.GE
02.11.18 15:01
1235
„ჩვენთან ხშირად აიგივებენ ინფლაციასა და ლარის კურსის აშშ დოლარის მიმართ გაუფასურებას“,-წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და აღნიშნავს, რომ ინფლაციასა და გაცვლით კურსს შორის ცალსახა კავშირი არარსებობს.

„დღეს დილით საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ოქტომბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 2.3%, ხოლო თვიური ინფლაცია 0.3%-ია. რა თქმა უნდა, გაცვლითი კურსის ცვლილება ინფლაციის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია, თუმცა ის არც ერთადერთ და, არც ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს არ წარმოადგენს. ხშირად იხსენებენ, რომ წლების წინ ლარის გაცვლითი კურსი დოლართან გაცილებით დაბალი იყო, მაგრამ ამავე დროს ავიწყდებათ, რომ 2007-2008 წლებში (როდესაც ლარის კურსი დოლარის მიმართ ყველაზე "მყარი" იყო), ინფლაციის მაჩვენებელი 10%-ს აღემატებოდა (იხილეთ ქვემოთ მოყვანილი დიაგრამა). რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ ფაქტზე დაყრდნობით კატეგორიული დასკვნების გამოტანა არ შეიძლება, თუმცა ეს იმის ნათელი მაგალითია, რომ ინფლაციასა და გაცვლით კურსს შორის ცალსახა კავშირი არ არის და რომ ინფლაციას მხოლოდ გაცვლითი კურსი არ განსაზღვრავს.

ინფლაცია უფრო მეტად დამოკიდებულია ერთობლივ მოთხოვნაზე და, რა თქმა უნდა, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებებზე. დღეს ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის ჩარჩო და ინსტრუმენტები საკმარისად განვითარებული აქვს იმისთვის, რომ ინფლაცია მომავალშიც დაბალ ნიშნულზე შეინარჩუნოს.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში 3%-ია, რაც არ ნიშნავს ინფლაციას 0-დან 3%-მდე, არამედ ნიშნავს ინფლაციას 3%-თან ახლოს. შესაბამისად, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე ზოგჯერ მაღლა, ზოგჯერ კი, დაბლა იქნება“,- წერს გვენეტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები