მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფლაციის გათვალისწინებით, საპენსიო სააგენტოს ამონაგები 2019 წლიდან 2.7%-ია

63ea2dc600b4a
შოთა ტყეშელაშვილი
13.02.23 16:32
688
საქართველოს სახელმწიფო საპენსიო სააგენტომ 2023 წლის იანვრის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, საპენსიო სისტემაში მონაწილე 1.3 მილიონი მოქალაქის პირად საპენსიო ანგარიშებზე ჯამში 3,05 მილიარდი ლარი არის დაგროვებული. ამ თანხიდან 460 მილიონი ლარი მიღებული ამონაგებია, 2.59 მილიარდი კი მოქალაქეთა შენატანებს წარმოადგენს.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, მას შემდეგ, რაც 2019 წლის იანვარში საპენსიო სისტემა ამოქმედდა, თანხებზე დარიცხულმა ნომინალურმა სარგებელმა 41.85% შეადგინა, თუმცა რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 2.66% იყო. ასეთი ამონაგები განპირობებულია იმით, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში განსაკუთრებულად მაღალი ინფლაცია იყო. 

“საპენსიო ფონდმა 2022 წლის მარტის თვიდან დაიწყო აშშ დოლარის შესყიდვა და 2023 წლის 31 იანვრის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის 19.1% განთავსებულია აშშ დოლარში, ხოლო 80.9% ლარში.

საინვესტიციო პორტფელის დეტალური სურათი ასე გამოიყურება: 3.8% განთავსებულია მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე, 16.4% ადგილობრივ სახაზინო ობლიგაციებში, 10.6% აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში, 7.4% გლობალურ აქციებში, 0.8% ევროობლიგაციებში, 0.1% ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში, ხოლო ადგილობრივ სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში 60.8% არის განთავსებული,”- ნათქვამია საპენსიო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ფინანსურ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები