მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ინფლაციის ზრდას ველოდით, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ცოტა უფრო მაღალი, ვიდრე მოლოდინი გვქონდა"

589dbb10815f2
თელარა გელანტია
10.02.17 17:03
3013
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განცხადებით, "შეიძლება, ინფლაციაზე გარეგანი ერთჯერადი ფაქტორები მოქმედებდეს და ამიტომ გადამეტებულმა რეაქციამ მომავალში უფრო ცუდი შედეგი გამოიწვიოს".

ამის შესახებ მთავარმა ბანკირმა "ბიზნესკონტრაქტს" იანვარში დაფიქსირებული წლიური 3.9%-იანი ინფლაციის და სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 6.75%-მდე გამკაცრების კომენტირებისას განუცხადა.

"ინფლაციის ზრდას ველოდით, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ცოტა უფრო მაღალი, ვიდრე მოლოდინი გვქონდა, თუმცა ძირითადი სურათი არ შეცვლილა", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ და დასძინა, რომ ინფლაციაზე ძირითადად ერთჯერადი ფაქტორები - აქციზის ზრდა და სავალუტო რყევები მოქმედებენ.

"25 იანვარს გამართული მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგაც ვთქვით, რომ ინფლაციაზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების გამო, 2017 წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივზე მაღლა იქნება, მაგრამ ამავე დროს, სხვა თანაბარ პირობებში, 2018 წელს ინფლაცია უნდა შემცირდეს და მიზნობრივთან ახლოს უნდა იყოს. ვფიქრობ, უფრო მის ქვემოთ უნდა შენარჩუნდეს და 2018 წელს ეს არის 3%. მიზნობრივ მაჩვენებელს რაც შეეხება, ეს არის მაჩვენებელი რომელიც არის ოპტიმალური ეკონომიკისთვის და ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი, რაც საქართველოში მოქმედებს, განაპირობებს სწორედ იმას, რომ ინფლაცია შეიძლება იყოს ამ მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა ან დაბლა და ზუსტად ის პოლიტიკა რომელიც სებ-ს აქვს, არის განსაზღვრული იმისთვის, რომ საშუალო ვადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე იყოს შენარჩუნებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ განვაცხადეთ კიდეც, რომ 2017 წლის განმავლობაში ვაპირებთ მონეტარული პოლიტიკა ზომიერად გავამკაცროთ", - განმარტა კობა გვენეტაძემ.

"ბიზნესკონტრაქტის" კითხვაზე - "იანვარში ინფლაციის 3.9%-მდე ზრდის მთავარი მიზეზი არის თუ არა მთავრობის მიერი აქციზის განაკვეთის ზრდის გავლენა სამომხმარებლო ფასებზე", მთავარმა ბანკირმა აღნიშნა, რომ "ამის სრული იდენტიფიცირება შეუძლებელია".

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, იანვარში ფასები წლიურად 3.9%-ით გაიზარდა. 2017 წელს კი მიზნობრივი წლიური ინფლაცია 4%-ით არის განსაზღვრული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები