მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფლაციური რისკების დაზღვევა და ხარჯების კომპენსაცია - რა შენიშვნები აქვს მშენებლეთა ასოციაციას ინდექსაციაზე?

გიორგობიანი

სამშენებლო სფეროში წარმოქმნილი ინფლაციური რისკების დაზღვევა და გაზრდილი ფასების კომპენსირება ინდექსაციის მექანიზმის მთავარი დანიშნულებაა, თუმცა დღეს მოქმედი წესი სექტორისთვის გარკვეულ გამოწვევებს ქმნის. ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი გიორგობიანმა განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ინდექსაციის არსებული მოდელი პროცენტული მოცულობით ჩამორჩება საერთაშორისო სტანდარტებს, ხოლო მიმდინარე პროექტების ნაწილში ბენეფიციარებად მხოლოდ საგზაო-სამშენებლო კომპანიებს მოიაზრებს, რაც სხვა სექტორებს არათანაბარ პირობებში აყენებს.

bm.ge-ს კითხვაზე, თუ რა მიმართულებით ჰქონდა სექტორს შეკითხვები და რა საკითხები განიხილებოდა შეხვედრაზე ირაკლი გიორგობიანმა აღნიშნა:

„სექტორს სხვადასხვა მიმართულებით ჰქონდა შეკითხვები. დღევანდელი შეხვედრა საჯარო იყო და კითხვა-პასუხის ფორმატში პირველად იმართება ასეთი შემადგენლობით, სადაც ფაქტობრივად სექტორის ყველა მონაწილე ესწრება დაწყებული დამკვეთიდან, დამთავრებული მშენებლობითა და პროცესში ჩართული ყველა ორგანიზაციით.

რაც შეეხება კონკრეტულად ინდექსაციას, ამ საკითხს დისკუსიის ფორმატში განვიხილავთ და სწორედ იქ დაისმება ის კითხვები, რომლებზეც, წარმოდგენილი პრეზენტაციის შემდეგ, მოგვიწევს პასუხების გაცემა.“

დამატებით კითხვაზე, თუ რა კონკრეტული შენიშვნები აქვს ასოციაციას ინდექსაციასთან დაკავშირებით, მათ შორის 30%-იან ზღვართან მიმართებით და რა პრობლემებს იწვევს ეს მშენებლებისთვის გიორგობიანმა ვრცლად განმარტა:

„ინდექსაციის მთელი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ხარჯებში ინფლაციის შედეგად წარმოქმნილი ფასების ზრდა დაკომპენსირდეს, რადგან ამ რისკს რეალურად მშენებელი ვერ მართავს და მისი პროგნოზირება ტენდერის გამოცხადების დროს რთულია. ინდექსაციის მექანიზმი სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ინფლაციით გამოწვეული ფასების ზრდის რისკები დამკვეთის მხრიდან დაზღვეული იყოს. სწორედ ეს არის ინდექსაციის მთავარი არსი.

თუმცა წარმოდგენილი ვარიანტი, რომელიც დღეს მოქმედებს, ორი ნაწილისგან შედგება. ერთი უზრუნველყოფს მიმდინარე პროექტებს, ხოლო მეორე ინსტიტუციონალურ დონეზე ინდექსაციის შემოღებას საკონტრაქტო ურთიერთობებში.

რაც შეეხება თავად ფორმულას, ის აღებულია FIDIC-ის საერთაშორისო პრაქტიკიდან. მისი შემადგენელი კომპონენტები, მოგეხსენებათ, ეხება სამშენებლო ხარჯებს. თუმცა წარმოდგენილი დადგენილებით ინდექსაცია მხოლოდ 30%-ზე ვრცელდება, მაშინ როდესაც საერთაშორისო პრაქტიკაში ეს მაჩვენებელი 80%-ს აღწევს. მანამდე განხორციელებული ინდექსაციების პროცენტული მოცულობა კი 70% იყო.

ამის გარდა, მიმდინარე პროექტებში ინდექსაცია მხოლოდ საგზაო-სამშენებლო კომპანიებს ეხება, სადაც ბიტუმი და საწვავი მნიშვნელოვან ხარჯს წარმოადგენს. თუმცა სხვა საინჟინრო, სამოქალაქო მშენებლობისა და ენერგეტიკის მიმართულებითაც საწვავი ასევე მნიშვნელოვანი ხარჯის კომპონენტია. აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში ბენეფიციარები მხოლოდ საგზაო-სამშენებლო კომპანიები არიან, თუმცა ჩვენ გვინდა, რომ მიმდინარე პროექტებში ეს სხვა სამშენებლო კომპანიებზეც გავრცელდეს“, - განაცხადა ირაკლი გიორგობიანმა.

ცნობისთვის, მთავრობამ 3 ივნისის დადგენილებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში ფასების ინდექსაციის ახალი მექანიზმი დაამტკიცა. ახალი წესის მიხედვით, ინდექსაცია ვრცელდება მხოლოდ იმ სახელმწიფო სამშენებლო კონტრაქტებზე, რომელთა შესრულების ვადა 12 თვეზე მეტია. ფასების ცვლილება საქსტატის მშენებლობის ღირებულების ინდექსის საფუძველზე განისაზღვრება, თუმცა ხელშეკრულების ღირებულების მხოლოდ 60% ექვემდებარება კორექტირებას, ხოლო 40% უცვლელი რჩება. ამასთან, 2027 წლის 1-ელ იანვრამდე საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინდექსაცია ძირითადად ბიტუმისა და დიზელის ფასების ცვლილების მიხედვით განხორციელდება. მთავრობის შეფასებით, მექანიზმის მიზანია სამშენებლო მასალების გაძვირებით გამოწვეული რისკების შემცირება და ინფრასტრუქტურული პროექტების შეუფერხებელი განხორციელების ხელშეწყობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები