„აწარმოე საქართველოში“-ს ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი ოლეგ ოსინოვსკის მიერ „Invest in Georgia“-ს შესახებ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს და Bm.ge-სთან საუბრისას აცხდებს, რომ მას ესტონელ ბიზნესმენთან შეხება არ ჰქონია.
„დღესვე ვაპირებ, რომ მქონდეს ოლეგ ოსინოვსკისთან კომუნიკაცია. ჩვენი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს ინვესტიციების დეპარტამენტი არის ყოფილი „Invest in Georgia, რომელიც “Enterprise Georgia”-სთან გაერთიანდა და ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ინვესტირების მიმართულებით. გამიკვირდა, ამდენი ხნის განმავლობაში როგორ არ უთხრა ინვესტორს ვინმემ „Enterprise in Georgia“-ს არსებობის შესახებ. მე დღესვე შევხვდები ამ ადამიანს, რომ ეს ინფორმაციული ვაკუუმი აბოლუტურად აღმოვფხრათ“, - აცხადებს მიხეილ ხიდურელი.
იგი ინფორმაციის ნაკლებობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ასეთი ინფორმაცია სამინისტროსა და მათი სააგენტოსთვის დემოტივაციის ფაქტორს წარმოადგენს, რადგან ინვესტიციები არის სექტორი, რომლის განვითარებასა და მოძიებაზეც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.
„მალე გავხსნით ინვესტორთა საბჭოს, რათა მეორეჯერ აღარ დადგეს ინფორმაციის პრობლემა. ჩვენ მსხვილ - არსებულ ინვესტორებთან მუდმივ რეჟიმში გვექნება კომუნიკაცია, თვეში მინიმუმ ორჯერ ჩავატარებთ შეხვედრას იმისთვის, რომ მუდმივ რეჟიმში მოხდეს მათთვის ახალი სექტორების გაცნობა. ყოველ თვე ახალი შეთავაზება გვაქვს, მუდმივად ვატარებთ კვლევებს, ვახდენთ პრობლემების იდენტიფიკაციას. ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ სააგენტო, რომელიც ყველა ინვესტორის პრობლემას მოაგვარებს,“ - აცხადებს მიხეილ ხიდურელი.
მისივე თქმით, „აწარმოე საქართველოში“-ს მთავარი დანიშნულებაა ინვესტორი მოამარაგოს მისთვის საინტერესო ინფორმაციით იმის შესახებ, თუ სად ჩადოს ფული, რა პროცედურები უნდა გაიაროს და ა.შ.
მიხეილ ხიდურელი პროცესის გამჭირვალობისა და ხელმისაწვდომობის შესახებ საუბრისას აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრთან ერთად დღეში 4-5 ინვესტორთან აქვთ შეხვედრა.
„რაც შეეხება თვითონ მთავრობასთან ურთიერთობის გამჭვირვალობასა და ხელმისაწვდომობას, მგონია, რომ ძალიან მარტივია სამ დღეში შეხვდე ბიზნესს ჩვენთან ერთად, ამაზე პრობლემა არასდროს არ ყოფილა. პირველად წავიკითხე, რომ ყველა ინვესტორს სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და ეს ძალიან ცუდია. ალბათ, სადღაც ინფორმაციული ჩავარდნა მოხდა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად საბჭოს ძალიან კარგი პლატფორმა იქნება იმისთვის, რომ ეს ადამიანები ყოველთვიურ რეჟიმში იყვნენ ჩვენთან და გველაპარაკებოდნენ, რადგან ახალი პროგრამები - სპეციალური საინვესტიციო ხელშეწყობის პროგრამები და შეღავათები ინვესტორებისთვის და ა.შ - ძალიან ბევრია და მართლა კონკურენტუნარიანი ვართ ბევრ ქვეყანასთან შედარებით“, - აცხადებს მიხეილ ხიდურელი.