ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულებაში ცვლილება შევიდა და მინისტრის მოადგილეების რაოდენობა 5-დან 6-მდე გაიზარდა. როგორც ჩანს, მიზეზი დღეს გაცხადებული საკადრო ცვლილებებია. კერძოდ, უქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო და იქნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს. რეგიონული განვითარების ამ დრომდე მოქმედი მინისტრი კახა გულედანი კი ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის პირველი მოადგილე ხდება.
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეების რაოდენობის ზრდის შესახებ დადგენილება დღეს, ირაკლი კობახიძის ხელმოწერითაა გამოქვეყნებული.
„№133 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მინისტრს ჰყავს 6 მოადგილე (მათ შორის, ერთი − პირველი), რომელთაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მინისტრის მოადგილეთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“, - წერია დადგენილებაში.
ცნობისთვის, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძეს ამ დრომდე ხუთი მოადგილე ჰყავდა. მათ შორის, პირველი მოადგილე ვახუშტი ბაგრატიონი და მოადგილეები: გიორგი კობერიძე, ბათუ გურჯიძე, ილია ბეგიაშვილი და მზია გიორგობიანი.




























