რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კობა გაბუნიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
კობა გაბუნიას ბრალდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე აქვს წარდგენილი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ბრალდებულის უშუალო დაქვემდებარებაში იყო მუნიციპალური განვითარების ფონდი. ფონდმა 2023 წლის თებერვლიდან გამოაცხადა ტენდერები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 30 საბავშვო ბაღის პროექტირება/მშენებლობის თაობაზე, რომელშიც გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ლაგი კაპიტალი“. კობა გაბუნიასთვის ცნობილი იყო, რომ „ლაგი კაპიტალი“ ხელშეკრულებებით ნაკისრ სამუშაოებს არ ასრულებდა და ფონდისგან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ითხოვდა საავანსო თანხების გაცემას. მიუხედავად ამისა, მან ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და „ლაგი კაპიტალს“, ეტაპობრივად, ავანსის სახით გადაურიცხა 11 200 000 ლარზე მეტი თანხა. ჩარიცხული თანხებიდან „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 9 365 000 ლარს. შედეგად, პროექტით გათვალისწინებული საბავშვო ბაღები არ აშენებულა.
კობა გაბუნიამ დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ არანაირი მატერიალური სარგებელი არ მიუღია. როგორც "ინტერპრესნიუსი" წერს, მისი თქმით, შესაძლოა რაღაც გამორჩა.
„მინდა განვმარტო, რომ არასდროს ცხოვრებაში რაიმე მატერიალური სარგებელზე არ მიფიქრია. შეიძლება რაღაც გამომრჩა, მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა. ბევრი კომპანია იყო, პროცესები მიმდინარეობდა, მაგრამ რაიმე სარგებელი არ მიმიღია. მუნიციპალური განვითარების ფონდი ძლიერი იყო. უამრავი კრიტერიუმები იყო, მაგრამ ის, რომ მე ვინმეს რაიმე დავავალე... არ უნდა გამომრჩენოდა კი ბატონო. მე სარგებელს არასდროს არ ვეძებდი.
ავანსი გაცემული იყო ხელისუფლების მხრიდან, რომ ყველას თანაბარი შანსი ჰქონოდა. რაიმე დაინტერესება, სარგებელი და გამორჩენა არ მქონია. საქმის მასალებს ვერ გავეცანი. ტელევიზიით გავიგე, რომ კომპანიამ რაღაც არ შეასრულა. მაგრამ ამ კომპანიასთან შეწყდა თანამშრომლობა. მე, 218 ბაღის ყველა შესყიდვას და დოკუმენტაციას ვერ გავეცნობოდი. არ არის გამორიცხული, რომ რაიმე გამომრჩა. შესაძლოა, რაიმეს ვერ დავაკვირდი. იმხელა ბრალდებაა, 9 მილიონი ლარი, არ ვიცი.
არასდროს დავმალულვარ. ოჯახს მე ვარჩენდი, ჩემს კმაყოფაზე მყავს ჩემი ოჯახი, ასევე ჩემი მშობლებიც, მათ შორის, მეუღლის მშობლებიც. ვერავინ მთხოვდა და ვერ დამავალებდა, რომ - ამას ეს მიეცით. ყველაფერი, ობიექტურად მიმდინარეობდა",- განაცხადა კობა გაბუნიამ.
ამავე საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა უკვე დაწყებულია მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორისა და ამავე ფონდის 2 თანამშრომლის, ასევე შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირების მიმართ.


























