“ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ანა საბახტარიშვილი სახელმწიფო შესყიდვების გასაჩივრების წესში ცვლილებას ითხოვს. ამის შესახებ მან Business Media Lunch-ის ფარგლებში ისაუბრა, სადაც სწორედ სახელმწიფო შესყიდვებზე მსჯელობდნენ.
“არსებობს თემები, რომლებიც უკავშირდება დავების საბჭოში ტენდერის გასაჩივრებას. მაგალითად, პირობების გასაჩივრება შეუძლია ნებისმიერ კომპანიას, თუმცა, ჩვენნაირი ორგანიზაციებისთვის დღეს შეუძლებელია დისკვალიფიკაციის გასაჩივრება ან თუნდაც კონკრეტული კომპანიის გამარჯვების გასაჩივრება, რაც ვფიქრობ, უნდა დაბრუნდეს, რადგან საზოგადოებრივი კონტროლი, რომელიც ჩვენი და ჩვენი მსგავსი ორგანიზაციების ვალდებულებაა, ასე უფრო მარტივად ხორციელდება.
თავის დროზე, როცა ეს შეიცვალა, არგუმენტი ის იყო, რომ კომპანიებს უმიზეზოდ შეჰქონდათ საჩივრები დავების გაჭიანურების მიზნით. აქ ჩემი აზრით, უმჯობესი იქნება, დასაშვებობის კრიტერიუმი ავწიოთ და სტანდარტი შემოვიღოთ, თუმცა შეძლოს ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციამ ტენდერის გასაჩივრება"- აცხადებს ანა საბახტარიშვილი.

























