მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინფრასტრუქტურის სამინისტრო: რუხში კლინიკის მშენებლობა ერთ თვეში დასრულდება

5c9f399c41f9d
BM.GE
30.03.19 13:45
1025
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილური კლინიკის მშენებლობა დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება.

უწყების ინფორმაციით, ამის შემდეგ ობიექტი აღჭურვისა და ექსპლუატაციისთვის დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეცემა.

შესრულებული სამუშაოების ხარისხი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა შეამოწმა.

"საპროექტო დოკუმენტაციაში და მშენებლობის პროცესშიც იყო პრობლემები, მაგრამ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მალე ობიექტი იმ მდგომარეობაში იქნება, რომ შევძლებთ ჯანდაცვის სამინისტროს გადავცეთ. ეს კლინიკა სულ ერთ კილომეტრშია აფხაზეთთან და მჯერა, რომ ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა აფხაზი დებისა და ძმებისთვის, რათა ისარგებლონ ყველა იმ სერვისით, რასაც ჩვენი მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მოსახლეობას სთავაზობს", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საუნივერსიტეტო საავადმყოფო 220 ადგილზეა გათვლილი. პარალელურად, სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის კლინიკის ტერიტორიაზე აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, აუზები და სკვერები მოეწყობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები