საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან შენიშვნები არ აქვს.
პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში არსებული ჩამორჩენის მიზეზებზე ისაუბრა.
„თუ შეხედავთ პროექტების სტრუქტურას და შინაარსს, რაც ხორციელდება, მაია ცქიტიშვილის მინისტრობის შემდეგ, ჩვენ გვაქვს ძალიან ხელშესახები გაუმჯობესება ყველა მიმართულებით. პროექტების ნაწილი, რომელიც ახლა იწყება, არის ძალიან კომპლექსური საინჟინრო თვალსაზრისით. მათ შორის, უღელტეხილის მონაკვეთი არის ერთ-ერთი ყველაზე რთული გეოგრაფიული არეალი საქართველოში, შესაბამისად, გარკვეული ტიპის ჩამორჩენები პროექტში, ობიექტურად მოსალოდნელი იყო”, - განაცხადა პრემიერმა.
Bm.ge-ის კითხვაზე - კმაყოფილია თუ არა ის მაია ცქიტიშვილით, ბახტაძემ შემდეგი პასუხი გასცა:
„მე პირადად, ძალიან მოხარული ვიქნები, რომ მაიასნაირი ბევრი ადამიანი გვყავდეს მმართველობით სტრუქტურებში და თან ასეთი ეფექტურები”, - განაცხადა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შედის, რომლის ერთი მიმართულება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიმდინარე წელს განსაზღვრული თანხების მომდევნო წლებში გადატანას ითვალისწინებს. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად მიღებული გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტები მცირდება 321 მლნ ლარით და განისაზღვრება 915.8 მლნ ლარით.
იმის შესახებ, თუ რატომ ვერ მოხერხდა წელს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე გათვალისწინებული თანხების დახარჯვა, განმარტება 2018 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ კანონპროექტშია მოცემული.
„2018 წელს დაგეგმილი იყო მასშტაბური საგზაო პროექტების დაწყება, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთი და ჩრდილოეთი-სამხრეთი მაგისტრალის ურთულესი მონაკვეთი (ქვეშეთი-კობი). აღნიშნული პროექტები გამოირჩევა კომპლექსურობით და წინა მოსამზადებელი სამუშაოების ხანგრძლივი და რთული ეტაპებით, შესაბამისად, პროექტები ნაწილობრივ გადაინაცვლებს შემდეგ წლებში. გასათავლისწინებელია, რომ რიკოთის მონაკვეთის 4 კომპონენტიდან მიმდინარე წელს პირველი ტრანშები გადაირიცხება ორ მონაკვეთზე. ზოგიერთი პროექტის შესრულების ვადების გადაწევასთან ერთად ბიუჯეტში ხდება ამ პროექტებისთვის დონორების მიერ გამოყოფილი საკრედიტო რესურსების კორექტირებაც“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.