სამომავლოდ ბიზნესი ადგილობრივ ბაზარზე ინფრასტრუქტურულ სერვისებზე მოთხოვნის შემცირებას ელოდება და ალტერნატივად საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტს განიხილავს. ინფრასტრუქტურული პროექტების უცხოეთში განხორციელების სტაჟი და პრაქტიკა ქართულ კომპანიებს დიდი არ აქვთ, თუმცა ფიქრობენ, რომ პოტენციალი არის.
საერთაშორისო ბაზრებზე მუშაობის პერსპექტივაზე საუბრობენ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაშიც. მათი თქმით, ქართულმა კომპანიებმა ბოლო 10 წლის განმავლობაში ადგილობრივ ბაზარზე საკმარისი გამოცდილების დაგროვება შეძლეს, თუმცა მათი შეფასებით, მთავარი პროცესებში მაინც საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილება და შესაბამისი ფინანსური რესურსები იქნება. კითხვაზე - რომელ ქვეყნებში შეძლებენ ქართული მშენებელი კომპანიები სერვისის ექსპორტს, ასოციაციაში უზბეკეთისა და სომხეთის ბაზრებს გამოყოფენ.
“პოტენციალი ცალსახაა, იმისთვის, რომ მშენებლობის სერვისის ექსპორტზე გაიტანო, აუცილებელია გაგაჩნდეს გამოცდილება. ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ინფრასტრუქტურა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სექტორს წარმოადგენდა, ამ პროექტების განხორციელება მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების სახსრებით ხდებოდა, რომლებსაც თავისი სტანდარტები, მოთხოვნები და შესყიდვის პროცედურები აქვთ. ჩვენს ქართულ კომპანიებში დაგროვდა გამოცდილება, როგორც შესყიდვის ისე მიწოდების ხარისხის კუთხით. უცხოურ ბაზარზე შესვლის დროს, რაც კომპანიას უნდა გააჩნდეს ეს გამოცდილებაა. საბედნიეროდ, ბევრი კომპანიაა, რომელსაც ეს გამოცდილება აქვს, ასევე მნიშვნელოვანია მათ გააჩნდეთ საბანკო რესურსიც, იმიტომ რომ აქ გარანტიების თემაც მონაწილეობს.
საინტერესოა უზბეკეთის ბაზარი. ახლა გაიხსნა ბაზარი და მგონია, რომ ქართული კომპანიებს იქ მოხვედრის შესაძლებლობა აქვთ. კარგია, რომ ამ ბაზარზე ფინანსური ინსტიტუტიც შესულია და რისკების შეფასებით კუთხით გაცილებით მოქნილები იქნებიან. იგივე შეიძლება ვისაუბროთ სომხეთზეც”, - ამბობს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გიორგობიანი.