ინგლისის ბანკის გადაწყვეტილებით, მომავალი სერიის ბანკნოტებზე ისტორიული ფიგურების ნაცვლად ველური ბუნების გამოსახულებები გამოჩნდება.
საზოგადოებრივი კონსულტაციების შედეგად, რომელშიც 44,000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, გამოკითხულთა 60%-მა უპირატესობა სწორედ ბუნების თემატიკას მიანიჭა. ცნობისთვის, ამჟამად ბრიტანულ ფუნტებზე ისეთი მოღვაწეები არიან გამოსახულები, როგორებიც არიან უინსტონ ჩერჩილი, ჯეინ ოსტინი, უილიამ ტერნერი და ალან ტურინგი.
ბანკის განცხადებით, ზაფხულში კიდევ ერთი საჯარო კონსულტაცია ჩატარდება, რათა დაზუსტდეს, თუ კონკრეტულად რომელი ცხოველები ან მცენარეები უნდა აისახოს კუპიურებზე.
არსებული ინფორმაციით, ამჟამად ექსპერტთა გუნდი რამდენიმე ცხოველის გამოსახულების დატანას განიხილავს. კანდიდატებს შორის არიან: მელა, მაჩვი, თახვი, ციყვი, წავი და ირემი. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ დიზაინის ცვლილების მიუხედავად, ბანკნოტების წინა მხარეს მეფე ჩარლზ III-ის პორტრეტი კვლავ დარჩება.
ინგლისის ბანკის მთავარი მოლარე, ვიქტორია კლელანდი აღნიშნავს, რომ ახალი სერიის ბანკნოტების გამოშვება კარგი შესაძლებლობა იქნება, რათა ქვეყანამ საკუთარი მდიდარი და მრავალფეროვანი ბუნება წარმოაჩინოს.
ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს მთავარი ფინანსური ინსტიტუტი ბანკნოტებს მხოლოდ ვიზუალის ცვლილებისთვის არ აახლებს. ერთ-ერთ მთავარ მიზეზად უსაფრთხოების ახალი მექანიზმის ჩაშენებაა, რაც კუპიურის გაყალბების რისკებს მკვეთრად შეამცირებს. ახალი ბანკნოტები მიმოქცევაში უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში არ გამოვა.


























